ახალი ამბები

დარჩიაშვილთან შეშფოთება გამოვთქვი სააკაშვილის მდგომარეობის გამო – ესტონეთის საგარეო

12 იანვარი, 2023 •
დარჩიაშვილთან შეშფოთება გამოვთქვი სააკაშვილის მდგომარეობის გამო – ესტონეთის საგარეო

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ურმას რეინსალუს განცხადებით, ქართველ კოლეგასთან საუბრისას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეშფოთება გამოხატა.

საქართველოს და ესტონეთის საგარეო მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი გუშინ, 11 იანვარს, შეგდა.

როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს, საუბრისას ქართულ მხარეს მოუწოდა, რომ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს.

მისივე თქმით, ქართველ კოლეგას ესაუბრა უკრაინის დახმარების საჭიროებასა და საქართველოს ევროინტეგრაციაზეც.

„საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან, ილია დარჩიაშვილთან სატელეფონო საუბრისას განვიხილეთ უკრაინაში რუსეთის ომის შეჩერება და უკრაინის დახმარების საჭიროება.

ვუთხარი, რომ ესტონეთი საქართველოს გვერდით დგას ევროკვშირის გზაზე.

მე ასევე გამოვთქვი შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მოვუწოდე, რომ მას საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს“, – წერს ტვიტერზე ურმას რეინსალუ.

ესტონელ კოლეგასთან საუბრის შესახებ ტვიტერზე დაწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა.

მისი თქმით, საუბრისას ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერ თანამშრომლობასა და საქართველოს ევროპული მისწრაფებების მიმართ ესტონეთის ურყევ მხარდაჭერაზე.

„ჩვენ ასევე ხაზგასმით აღვნიშნეთ საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობა“, – დაწერა ილია დარჩიაშვილმა ტვიტერზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი