ახალი ამბები

გახარიას პარტიის წევრი ამბობს, რომ წულუკიანის გამო სამსახური დატოვა

11 იანვარი, 2023 • 1362
გახარიას პარტიის წევრი ამბობს, რომ წულუკიანის გამო სამსახური დატოვა

გიორგი გახარიას პარტიის „საქართველოსთვის“ წევრი რუსუდან თევზაძე აცხადებს, რომ კულტურის მინისტრის თეა წულუკიანის გამო სამსხური დატოვა.

რუსუდან თევზაძე თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი იყო. თევზაძის თქმით, პარტიული კუთვნილების გამო კულტურის სამინისტროსთვის მიუღებელი იყო მისი ამ პოზიციაზე მუშაობა.

როგორც რუსუდან თევზაძემ მედიასთან განაცხადა, თეა წულუკიანმა უნივერსიტეტის ბიუჯეტის გაზრდის წინაპირობად მისი უნივერსიტეტიდან წასვლა დაასახელა. მისი თქმით, რადგან წულუკიანმა  „ტყვედ აიყვანა უნივერსიტეტი და ვაჭრობა დაიწყო“, გადაწყვიტა სამსახური დაეტოვებინა.

“რომ თუ რუსუდან თევზაძე წავა უნივერსიტეტიდან, უნივერსიტეტს ბიუჯეტი გაეზრდება. თუ არ წავა, მაშინ ბიუჯეტი არ გაეზრდება. მან ტყვედ აიყვანა უნივერსიტეტი და ვაჭრობა დაიწყო. მე მივიღე გადაწყვეტილება და წამოვედი უნივერსიტეტიდან”.

„სამინისტრომ სრულიად უაპელაციოდ და მიკერძოებულად გადაწყვიტა, რომ ჩემი პარტიული კუთვნილების გამო აღარ უნდა ვიკავებდე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის არჩევით პოზიციას და პრაქტიკულად უნივერსიტეტი თავისი თანამშრომლებით აიყვანა მძევლად და დაიწყო გაცხოველებული ვაჭრობა ბიუჯეტის საკითხით.

ცხადია, პერსონალურ ეგოს და პირად ინტერესს ვარჩიე ჩემი ძვირფასი კოლეგების ბედი და მივიღე გადაწყვეტილება, შემეწყვიტა უნივერსიტეტთან საქმიანი ურთიერთობა.

ვიცი, რომ სამწუხაროდ, ჩვენს სინამდვილეში ეს არ არის ერთეული შემთხვევა და ფაქტია, რომ სანამ ჩვენს ქვეყანაში არ დასრულდება ძალაუფლებით ტკბობა, ქვეყნის სამსახურში მყოფი მოქალაქეების პოლიტიკური ნიშნით დევნა და სეგრეგაცია, მოქალაქისთვის საკუთარი საქმიანობის განხორციელების იძულებითი და ხელოვნური შეზღუდვა, ქვეყნის სახელმწიფოებრივი ღირსება მუდმივად შებღალული იქნება, ხოლო ღირსებააყრილი ქვეყნის მომავალი კი ძალიან ბუნდოვანია და საშიში“, – დაწერა 10 იანვარს სოციალურ ქსელში რუსუდან თევზაძემ.

ნეტგაზეთი კულტურის სამინისტროს დაუკავშირდა და აღნიშნულთან დაკავშირებით მათ პასუხს ელოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი