ერთი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ სომხეთ-ყარაბაღის ერთადერთი დამაკავშირებელი გზა – ლაჩინის კორიდორი ჩაკეტა, რითაც ადგილობრივ მოსახლეობას ჰუმანიტარული სახის პრობლემები შეუქმნა.
“ის, რაც ხდება ლაჩინის კორიდორში, პირველ რიგში, მიმართულია მთიანი ყარაბაღის სომხების ნების წინააღმდეგ, იცხოვრონ საკუთარ სამშობლოში”, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა დღეს, 10 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.
სიტუაციის დასარეგულირებლად, ფაშინიანის თქმით, სომხეთის გავლენის ინსტრუმენტი არის მუშაობა, აზერბაიჯანზე საერთაშორისო ზემოქმედების მიზნით.
ერთადერთი გზა, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს, 12 დეკემბრიდან არის ჩაკეტილი აზერბაიჯანელი “ეკოაქტივისტების” მიერ. ოფიციალურად მიზეზად მათ დაასახელეს ყარაბაღში არსებულ საბადოებზე აზერბაიჯანული მხარის წვდომაზე შეზღუდვა და იქ შექმნილი ეკოლოგიური პრობლემები. თუმცა, სომხური მხარე და ყარაბაღის სომეხი მოსახლეობა დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანის ხელისუფლების მიზანი არის ყარაბაღელების იზოლაცია, მათთვის ჰუმანიტარული კრიზისის შექმნა და ეთნიკური წმენდა.
ამასთან, აზერბაიჯანული მხარე ირწმუნება, რომ მძიმე პაციენტების სომხეთის ტერიტორიაზე გადასაყვანად აზერბაიჯანელი აქტივისტები “წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის” მანქანებს შეუფერხებლად ატარებენ.
ჩაკეტილი გზის გახსნის მოთხოვნით საპროტესტო აქციები იმართება სტეპანაკერტში და ჩაკეტილ გზასთან ახლოს. ასევე, აქციებს მართავენ სომეხი აქტივისტები, რომლებიც შექმნილ ვითარებაში რუსეთს აკისრებენ პასუხისმგებლობას, რადგანაც, მათი მტკიცებით, სწორედ რუსმა სამშვიდობო ძალებმა აიღეს ვალდებულება, სომხეთსა და მთიან ყარაბაღს შორის ლაჩინის კორიდორს შეუფერხებლად ემუშავა.
ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან. 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.
ამავე თემაზე:
აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სტეპანაკერტის მოსახლეობას გზა გადაუკეტეს
გიუმრიში, რუსულ სამხედრო ბაზასთან აქციაზე სომეხი აქტივისტები დააკავეს
ყარაბაღელთა საპროტესტო მარში რუსი სამშვიდობოების ბლოკპოსტამდე – ფოტორეპორტაჟი
აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სტეპანაკერტის მოსახლეობას გზა გადაუკეტეს