ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სტეპანაკერტის მოსახლეობას გზა გადაუკეტეს

13 დეკემბერი, 2022 • 2112
აზერბაიჯანის მოქალაქეებმა სტეპანაკერტის მოსახლეობას გზა გადაუკეტეს

ერევნისა და სტეპანაკერტის [მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქი] ცნობით, აზერბაიჯანის მოქალაქეების მიერ ლაჩინის კორიდორის გადაკეტვა ჰუმანიტარულ კრიზისს ქმნის მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის.

ლაჩინის კორიდორი სომხეთის რესპუბლიკას აკავშირებს ყოფილი მთიანი ყარაბაღის ავტონომიურ ოლქთან.

2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმების მიხედვით, რომელიც ყარაბაღში 27 სექტემბერს დაწყებული 45- დღიანი ომის შემდეგ მოსკოვის შუამდგომლობით გაფორმდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განთავსდნენ, რომლებიც აკონტროლებდნენ ლაჩინის კორიდორს.

12 დეკემბერს აზერბაიჯანის მოქალაქეებმა ყარაბაღის ტერიტორიაზე ორ საბადოზე მონიტორინგის მოთხოვნით გადაკეტეს სტეპანაკერტი-გორისის ავტომაგისტრალი, რის გამოც მთიანი ყარაბაღის მოსახლეობა სომხეთთან სატრანსპორტო კავშირის გარეშე და იზოლაციაში დარჩა.

ერევანი და სტეპანაკერტი შექმნილ სიტუაციას ბაქოს პროვოკაციულ გეგმას უკავშირებს. სომხური მხარე მიიჩნევს, რომ აზერბაიჯანი ამ გზით ცდილობს შექმნას ჰუმანიტარული კრიზისი მთიანი ყარაბაღის სომეხი მოსახლეობისთვის და 120 ათასამდე მცხოვრებს დაატოვებინოს საკუთარი სახლ-კარი.

აზერბაიჯანის მოქალაქეები, რომელთა შორის არიან აქტივისტები, ჟურნალისტები და რიგით მოქალაქეები, აცხადებენ, რომ კავშირი არ აქვთ აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან. მათი განცხადებით, იქამდე დარჩებიან და გადაკეტავენ კორიდორს, სანამ მათთვის საბადოებზე მონიტორინგის წვდომას არ დაუშვებენ.

სტეპანაკერტი რუსი სამშვიდობოების ხელმძღვანელობის მიმართავს, უზუნველყონ 2020 წლის 9 ნოემბრის სამმხრივი შეთანხმებით გარანტირებული ღია კორიდორი და თავისუფალი გადაადგილება მთიანი ყარაბაღის მოსახლეობისთვის.

თავისუფალი გადაადგილების მოთხოვნით სტეპანაკერტში საპროტესტო აქციები იმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი