ახალი ამბები

DRI: ოცნებას EU-ს მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია

10 იანვარი, 2023 • 994
DRI: ოცნებას EU-ს მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) აცხადებს, რომ მმართველი გუნდი ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციას არ ასრულებს, რომელიც ითხოვს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვას და ძალადობის ფაქტებზე ეფექტიან რეაგირებას.

DRI-ის განცხადებით, ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით „ქართულ ოცნებას“ საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია.

ორგანიზაციის განცხადებით, ევროკომისია მე-8 რეკომენდაციაში არაორაზროვნად უთითებს მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მიცემის აუცილებლობის შესახებ.

„აღნიშნული რეკომენდაცია ევროკომისიამ 2022 წლის 7 სექტემბერს კიდევ ერთხელ დააზუსტა, როდესაც ხაზგასმით მოითხოვა 2021 წლის 5 ივლისის ძალადობის ორგანიზატორების პასუხისგებაში მიცემა. მიუხედავად ამისა, გეგმაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ევროკომისიის 12- პუნქტიანი რეკომენდაციების შესასრულებლად წარმოადგინა, მოწყვლადი ჯგუფების წინააღმდეგ დაგეგმილი ძალადობის ორგანიზატორების იდენტიფიცირებისა და პასუხისგებაში მისაცემად გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ არაფერია მითითებული.

გეგმა მხოლოდ „ყველა შესაბამისი საქმის გამოძიების შესახებ“ ინფორმაციის საჯაროდ გავრცელების ვალდებულებით შემოიფარგლება, რაც ავიწროებს ევროკომისიის რეკომენდაციას და სრულად არ შეესაბამება მის სულისკვეთებასა და შინაარსს“, – აცხადებს DRI.

მათივე განცხადებით, მმართველი პარტიის მიერ საკუთარი გეგმის შესრულების პროგრესის განსასაზღვრად, დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა საქართველოს პარლამენტს მიმართა.

„პასუხად გეგმის შესასრულებლად „აქტიურად მუშაობის“ დასტური და „ახლო მომავალში“ უფრო კონკრეტული ინფორმაციის მიღების დაპირება მივიღეთ. ამ დრომდე ღია წყაროებში არ იძებნება ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციის შესრულების კუთხით საქართველოს პარლამენტის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია. შესაბამისად, „ქართულ ოცნებას“ ევროკომისიის მე-8 რეკომენდაციასთან დაკავშირებით საკუთარი გეგმაც არ შეუსრულებია“, – აცხადებს DRI.

ევროკომისიის მიერ წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის წარდგენილ 12-პუნქტიან გეგმაში, მერვე პუნქტში წერია, რომ „სწრაფად იქნას მიღებული ზომები, რათა გაძლიერდეს მოწყვლადი ჯგუფების უფლებების დაცვა, მათ შორის იმ გზით, რომ უფრო ეფექტურად იქნან პასუხისგებაში მიცემულნი ძალადობის წამქეზებლები და განმახორციელებლები“.

მასალების გადაბეჭდვის წესი