ახალი ამბები

პრინც ჰარის თქმით, ავღანეთში თალიბანის 25 მებრძოლი მოკლა

10 იანვარი, 2023 •
პრინც ჰარის თქმით, ავღანეთში თალიბანის 25 მებრძოლი მოკლა

პრინცი ჰარი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ ავღანეთში მეორე სავალდებულო ოპერაციაზე ყოფნის დროს თალიბანის 25 მებრძოლი მოკლა. წიგნის, „Spare”, გაყიდვა ორი კვირის შემდეგ უნდა დაწყებულიყო, თუმცა ესპანეთში დროზე ადრე გავრცელდა.

ავტობიოგრაფიაში იგი აღნიშნავს, რომ შეტაკებისას თალიბანის მეომრებზე ფიქრობდა არა როგორც „ადამიანებზე“, არამედ „ჭადრაკის ფიგურებზე“, რომლებსაც დაფიდან იშორებდა.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა პრინცი ღიად საუბრობს მის მიერ მოკლული თალიბანის მეომრების რაოდენობაზე.

ავღანეთში გატარებულ პერიოდზე საუბრისას, წიგნში  პრინცი აღწერს, თუ როგორ უყურებდა მის მიერ ჩადენილი მკვლელობების ვიდეოებს, რომელთა ჩაწერაც ვერტმფრენში ხდებოდა.

ასევე ამბობს, რომ შეტაკების დროს, ხმაურისა და არეულობისას, აჯანყებულებზე ფიქრობდა, როგორც ბოროტ ადამიანებზე, რომლებიც განადგურდნენ მანამ, სანამ შესაძლებლობა მიეცემოდათ, მოეკლათ სიკეთის მხარეს მდგომი ადამიანები.

სასექსის ჰერცოგის აზრით, შეუძლებელია მოკლა ვინმე, თუ მას ადამიანად აღიქვამ. იგი თვლის, რომ ჯარში ყოფნამ ძალიან კარგად ასწავლა, როგორ აღექვა ადამიანები „უცხოდ“.

„მეომრებმა ძირითადად არ იციან მათ მიერ მოკლული ადამიანების რაოდენობა, თუმცა ლეპტოპების ეპოქაში შემეძლო ზუსტად მცოდნოდა, რამდენი მტერი მოვკალი. ჩემთვის გადამწყვეტი იყო, არ შემშინებოდა ამ რიცხვის.  „ამგვარად, ჩემი რიცხვია 25. ეს არ არის რიცხვი, რომლითაც ვამაყობ, თუმცა არც მაწუხებს“, – ამბობს იგი.

პრინცი ჰარის აღიარებას გამოეხმაურა ავღანეთის მთავრობის გავლენიანი წევრი ანას ჰაქქანი: „ისინი, ვინც მოკალი, არ ყოფილან ჭადრაკის ფიგურები, ისინი იყვნენ რეალური ადამიანები. მათ ჰყავდათ ოჯახები, რომლებიც ელოდნენ მათ შინ დაბრუნებას. ავღანელთა მკვლელებს შორის არც ისე ბევრს აქვს შენნაირი წესიერება, გაამჟღავნოს თავისი სინდისი და აღიაროს ომის დროს ჩადენილი დანაშაულები.“

პრინცი ჰარის განცხადებას გამოეხმაურნენ მუსლიმი ბრიტანალებიც, მათ შორის იყო ადვოკატი ზილურ რაჰმანი, რომელიც სამეფო ოჯახის დავაში ყოველთვის იდგა ჰარისა და მეგანის მხარეს: აქამდეც ხდებოდა ფოკუსირება ავღანეთში მოკლულ ადამიანთა რიცხვზე, რომელიც რიგ შემთხვევებში, მოიცავდა უდანაშაულო მოქალაქეებსაც. არ ვიცი, ჰარის შემთხვევაში ვინ იყვნენ სამიზნეები, თუმცა, ცხადია, მის კომენტარებს საზიზღრობად მივიჩნევ.

“შეიძლება ასეთი იყო მისი ცხოვრება, როცა ჯარში მსახურობდა. იმედს ვიტოვებ, რომ განვითარდა და შეცვალა თავისი ხედვა. თუმცა, თუ ეს იყო ის, რასაც ჯარი  ჩააგონებდა საკუთარ მეომრებს და ასწავლიდნენ, როგორ ექციათ სხვები უცხოდ, მაშინ ეს უნდა გამოძიონ, არის თუ არა ეს ჯარის მსოფლხედველობა და ხსნის თუ არა იმას, რატომ იქნა ჩადენილი სისასტიკეები?”

ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი აცხადებს, რომ ჯარი არ განიხილავს ჰარის განცხადებას მოკლული ადამიანების რაოდენობასთან დაკავშირებით: „უსაფრთხოების მიზნით, არ ვაკეთებთ კომენტარს ოპერაციის დეტალებზე.“

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი