ახალი ამბები

პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ – ელისაბედ II-ის გადაწყვეტილება

18 იანვარი, 2020 • 4508
პრინცი ჰარი და მეგან მარკლი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ – ელისაბედ II-ის გადაწყვეტილება

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს დედოფალი ელისაბედ II აცხადებს, რომ მიიღო გადაწყვეტილება, მხარი დაუჭიროს პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის სურვილს, დამოუკიდებლად იცხოვრონ და უარი თქვან სამეფო ოჯახის „უფროსი წევრობის“ სტატუსზე.

დედოფალი ელისაბედი მათ მადლობას უხდის, ამბობს, რომ ისინი მუდამ იქნებიან სამეფო ოჯახის საყვარელი წევრები და იმედს გამოთქვამს, რომ ბედნიერად იცხოვრებენ.

პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის ინსტაგრამის ოფიციალურ გვერდზე რამდენიმე წუთის წინ გამოქვეყნდა ელისაბედ II-ის მიმართვა, რომელშიც წერია:

„არაერთი თვის განმავლობაში საუბრებისა და ბოლოდროინდელი დისკუსიების შემდეგ, მოხარული ვარ, რომ ჩვენ ერთად ვიპოვეთ კონსტრუქციული და მხარდამჭერი გზა ჩემი შვილიშვილისა და მისი მეუღლის მომავლისთვის.

ჰარი, მეგანი და არჩი [მათი ვაჟი] ყოველთვის იქნებიან ჩემი ოჯახის საყვარელი წევრები. 

მე ვაღიარებ იმ გამოწვევებს, რაც მათ წინაშე იდგა ამ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ბოლო ორი წლის განმავლობაში და მხარს ვუჭერ მათ სურვილს, ჰქონდეთ უფრო დამოუკიდებელი ცხოვრება.

მსურს, მადლობა გადავუხადო მათ თავდადებული შრომისათვის… განსაკუთრებით ამაყი ვარ იმის ნახვით, თუ როგორ სწრაფად გახდა მეგანი ჩვენი ოჯახის წევრი. 

მთელი ჩემი ოჯახი იმედოვნებს, რომ დღევანდელი შეთანხმება მათ საშუალებას მისცემს, ახალი, ბედნიერი და მშვიდი ცხოვრების შენება დაიწყო“.

რამდენიმე დღის წინ პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა განაცხადეს, რომ უარს ამბობდნენ სამეფო ოჯახის „უფროსი წევრების“ სტატუსზე, რაც სამეფო ოჯახისთვის განკუთვნილი პრივილეგიების ნაწილის ვერგამოყენებასაც გულისხმობს.

როგორც ისინი აცხადებენ, ამ გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბრიტანული პრესის გადამეტებულმა ყურადღებამაც მათ მიმართ. სწორედ ამიტომ, ისინი კანადაში ცხოვრებას გეგმავენ.

დედოფლის გადაწყვეტილების შემდეგ, ჰარი და მეგანი სამეფო ტიტულებს აღარ გამოიყენებენ და ფორმალურად აღარც დედოფალს წარმოადგენენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი