ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

IT სფეროს განვითარების შანსი და პოლიტიკური რისკები – რუსები სომხეთში

6 იანვარი, 2023 • 2133
IT სფეროს განვითარების შანსი და პოლიტიკური რისკები –  რუსები სომხეთში

ავტორი: კონსტანტინ ღაზარიანი


უკრაინაში დაწყებული ომის გამო დასავლეთის ქვეყნების მიერ რუსეთისთვის სანქციების დაწესებიდან მალევე, რუსეთში ათასზე მეტ უცხოურ კომპანიას საქმიანობა შეუჩერდა ან საერთოდ დაიხურა. მიმდინარე პროცესებმა ძლიერი გავლენა მოახდინა საინფორმაციო ტექნოლოგიების სექტორზეც.

მხოლოდ 2022 წლის აპრილში სომხეთში IT სფეროში 50%-ით მეტი სპეციალისტი დარეგისტრირდა, ვიდრე 2021 წლის იმავე თვეში. რუსეთიდან ემიგრირებულმა IT ფრილანსერებმა სომხეთში ახალი კომპანიები დააფუძნეს იმ მიზნით, რომ საშუალება ჰქონოდათ ევროპაში კლიენტებთან შეუზღუდავათ ემუშავათ.

სომხეთის ხელისუფლება მაქსიმალურად შეეცადა მხარი დაეჭირა პირველი საემიგრაციო ტალღისთვის შემდეგი მიზეზით – სომხეთში ბევრი ვაკანსიაა IT სფეროში, თუმცა, სპეციალისტების ნაკლებობაა. ეკონომიკური თვალსაზრისით კი, მომგებიანი იქნებოდა, თუ სომხეთი დამაკავშირებელი რგოლი გახდება რუსულ კომპანიებსა და დასავლეთს შორის.

სპეცილისტების აზრით, მომხდარმა ქვეყნის ეკონომიკას და სომხეთის IT ინდუსტრიას, რომელიც მრავალი წელია, ასევე, წარმატებულად ვითარდება, უკვე დიდი სარგებელი მოუტანა, თუმცა ზუსტ მაჩვენებლებზე საუბარი ნაადრევია.

Yerevan Yerevanciner

რუსები სომხეთში; Yerevan Yerevanciner

ომმა უკრაინაში არა მხოლოდ მსოფლიო წესრიგი დააყენა თავდაყირა – ეს არის საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთიდან მიგრაციის ყველაზე დიდი ტალღები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.

მხოლოდ 2022 წლის იანვრიდან აგვისტომდე სომხეთში 650 000-ზე მეტი რუსეთის მოქალაქე ჩავიდა. რუსების უმრავლესმა ნაწილმა ქვეყანა უკვე დატოვა. ამჟამად, სომხეთში მცხოვრებ რუსეთის მოქალაქეთა რიცხვი 30-დან 100 000-მდე მერყეობს.

თუმცა, 24 თებერვლის შემდეგ მიგრაციის ორივე ტალღა ერთმანეთისგან განსხვავებულია. განსხვავება ემიგრირებული ადამიანების კატეგორიებსა და მოტივებშია.

ომის დაწყებისთანავე რუსეთიდან ადამიანები, დიდწილად პოლიტიკური ხედვებისა და ეკონომიკური მიზეზების გამო გამორბოდნენ. ერთი მხრივ, ეს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ხელისუფლების რეჟიმის მიმართ ომამდეც კრიტიკულად იყვნენ განწყობილი და არც უკრაინის მიმართ რუსეთის პოლიტიკას დაუჭირეს მხარი, მეორე მხრივ, ეს იყვნენ მეწარმეები და ფრილანსერები, რომელთაც ფინანსური რისკები გაუჩნდათ.

ემიგრაციის მეორე ტალღა, რომელიც რუსეთში ნაწილობრივ სამხედრო მობილიზაციას უკავშირდება, უფრო ინტენსიური იყო. თუკი პირველ ტალღაში ძირითადად ახალგაზრდა სპეციალისტები ან რეჟიმის მოწინაღმდეგები იყვნენ, მეორეში  – ის, ვინც უბრალოდ ომში მონაწილეობის რისკს გამოექცა.

რუსეთიდან ემიგრაციის მეორე ტალღა პოლიტიკური კუთხით უფრო პრობლემურად აღიქმება სომხურ საზოგადოებაში. ერთ-ერთი პოლიტიკური რისკი, საზოგადოებისთვის იმაშია, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში კრემლს შეუძლია მიგრანტების ნაწილი ქვეყნების შიდა დესტაბილიზაციისთვის გამოიყენოს. სომხეთში უკვე მრავლად გაჩნდა რუსეთის მოქალაქეების საკუთარი სოციალური არხები და ინტეგრაციული ორგანიზაციები.

პოლიტიკური რისკების გარდა, მასობრივი მიგრაციის ნეგატიურ მხარედ ფასების ზრდაც სახელდება, განსაკუთრებით კი, უძრავი ქონების სფეროში – ქირავნობის ფასებმა სომხეთში რამდენჯერმე მოიმატა. ამან, თავის მხრივ, გამოიწვია ის, რომ ადგილობრივმა ოჯახებმა ვეღარ შეძლეს გაზრდილი ქირის გადასახადის გადახდა და იძულებული გახდნენ, ბინები დაეცალათ. მათ ნაწილს კი, ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სომხეთიდან იძულებით ემიგრაციაც მოუწია [თუმცა, ეს პრობლემა მხოლოდ რუსეთიდან ემიგრაციას არ უკავშირდება].

რუსეთიდან დღევანდელი მიგრაციული ტალღები ასევე პრობლემურია დემოგრაფიული მიზეზებითაც. 100 ათასი რუსი ემიგრანტი სამმილიონიანი მოსახლეობის პირობებში, დიდი ციფრია. იმის გათვალისწინებით, რომ მათი უმრავლესობა ერევანში ცხოვრობს, ეს კიდევ უფრო ართულებს  გამოწვევებს.

ამ კუთხით, საქართველოც განსაკუთრებული მაგალითია, რადგან ძალიან დიდი რიცხვი რუსეთის მოქალაქეებისა სწორედ საქართველოში გაიქცა, იმის მიუხედავად, რომ რუსეთს ღია კონფლიქტი აქვს საქართველოსთან.

საქართველოს მაგალითი იმითაც არის საინტერესო, რომ საქართველომ რუსეთთან კონფლიქტის მიუხედავად, რუსების უდიდესი ტალღა შეუშვა ქვეყანაში. ეს იგივე იქნებოდა, სომხეთში თურქების ან აზერბაიჯანელების დიდი ნაკადი შეეშვათ. ასეთი გადაწყვეტილება პოლიტიკურადაც შეუძლებელი გახდებოდა.

იმის მიუხედავად, რომ სომხეთს არ აქვს ღია კონფლიქტი რუსეთთან, უკანასკნელ თვეებში რუსეთის ხელსუფლების პოლიტიკა, სომხეთში მედიისა და საზოგადოების მხრიდან კრიტიკის საგანია. მიმდინარე დღეებში არაერთხელ გაჟღერებულა რუსეთის პოლიტიკის კრიტიკა მთიანი ყრაბაღის და სიუნიქის დერეფნის საკითხებთან მიმართებაშიც. თუმცა, სომხეთში რუსეთიდან მიგრანტების მიღებას რუსული პოლიტიკის კრიტიკა გავლენას არ ახდენს.

ძირითადად შემთხვევებში, რუს იმიგრანტებს სომხური ენის სწავლის საჭიროებაც არ აქვთ, რადგან, პოსტსაბჭოთა ქვეყნების სივრცეში ბევრი ადამიანი განსაკუთრებით უფროსი თაობა კარგად ფლობს რუსულ ენას. ეს ფაქტი, ერთი მხრივ, სომხეთში რუსების ინტეგრაციას უწყობს ხელს, მეორე მხრივ კი ხელს უშლის მას.

ყველა ფაქტორთან ერთად, რუსეთში ნაწილობრივმა სამხედრო მობილიზაციამ რუსეთიდან ბევრი ეთნიკურად სომეხიც დააბრუნა, რომლებიც რუსული მოქალაქეობის ნაცვლად, ახლა სომხური მოქალაქეობის აღებას ცდილობენ.

რუსები ერევანში; ფოტო: Yerevanciner

რუსები ერევანში; ფოტო: Yerevanciner

მასალების გადაბეჭდვის წესი