ახალი ამბები

რუსული ბაზა უკრანამ მას შემდეგ დაბომბა, რაც სამხედროებმა მასობრივად გამოიყენეს ტელეფონები

4 იანვარი, 2023 • 2698
რუსული ბაზა უკრანამ მას შემდეგ დაბომბა, რაც სამხედროებმა მასობრივად გამოიყენეს ტელეფონები

უკრაინამ ამერიკული სარაკეტო სისტემა ჰაიმარსებით დონეცკში, მაკიივკაში ბაზირებულ, რუსეთის ასეულობით სამხედროზე მას შედეგ მიიტანა იერიში, რაც სამხედროებმა მასობრივად გამოიყენეს მობილური ტელეფონი. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტროც ადასტურებს.

რუსეთის არმიის ჯარისკაცებს საბრძოლო მოქმედებებისას ეკრძალებათ მობილური ტელეფონების გამოყენება.

უკრაინელებმა მაკიივკაში ბაზირებულ რუსეთის არმიის დანაყოფებს ზუსტად ახალი წლის დადგომისთანავე, 00:01 საათზე შეუტიეს. სავარაუდოდ, რუსეთის არმიის ჯარისკაცებმა ტელეფონები ამ დროს ახლობლებისთვის ახალი წლის მისალოცად გამოიყენეს, უკრაინულმა მხარემ კი ამით მათი ზუსტი ადგილსამყოფლის იდენტიფიცირება შეძლო.

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, ჰაიმარსის 6 რაკეტიდან 2-ის ჩამოგდება საჰაერო თავდაცვის სისტემამ შეძლო, თუმცა 4-მა დასახულ მიზანს მიაღწია.

რუსული მხარე მხოლოდ 89 სამხედროს დაღუპვას ადასტურებს, უკრაინელები ამბობენ, რომ 400-მდე სამხედრო გაანადგურეს. ასევე განადგურებულია იარაღის საწყობი.

რუსეთში უკვე დაიწყეს მსჯელობა სამხედრო ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობაზე, რადგან დიდი რაოდენობით სამხედროებისა და სამხედრო ტექნიკის ერთ კონკრეტულ ადგილზე კონცენტრაცია დაუშვებელი იყო, რადგან ის უკრაინისთვის ადვილ სამიზნედ გადაიქცეოდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი