ახალი ამბები

ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი შეწყალებული იქნება – ვოლსკი

29 დეკემბერი, 2022 • 817
ვრცელი განმარტებები ეჭვებს წარმოშობს, რომ სააკაშვილი შეწყალებული იქნება – ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით,  პრეზიდენტის ვრცელი განმარტებები ეჭვებს აჩენს, რომ მიხეილ სააკაშვილს შეიწყალებს.

„ხალხი გამოვიდა, რომელსაც გარკვეული ეჭვები დაებადა ორაზროვნების გამო, იმ განცხადებების ორაზროვნების გამო, რომლებიც გააკეთა პრეზიდენტმა და ამას უნდა პასუხი ამ ეტაპზე. [სალომე ზურაბიშვილის] ვრცელი განმარტებები, კიდევ ერთხელ, დამატებით გარკვეულ ეჭვებს წარმოშობს, რომ ადამიანი [მიხეილ სააკაშვილი], რომელმაც აწამა, რომელმაც მოკლა, რომელმაც დაარღვია ყველანაირი ნორმა, იქნება შეწყალებული[…] ამას უკავშირდება მიტინგიც, არ შეიძლება, რომ ყველაფერი დააბრალო რომელიმე პოლიტიკურ პარტიას“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.


28 დეკემბერს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიხეილ სააკაშვილის მოწინააღმდეგეებმა აქცია გამართეს და პრეზიდენტ ზურაბიშვილს მოუწოდეს, არ შეიწყალოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. აქციის მონაწილეები ადმინისტრაციის ეზოში შევიდნენ, რის შემდეგაც პრეზიდენტი გამოვიდა და მათ მიმართა.

პრეზიდენტი დემონსტრანტებთან სიტყვით გამოვიდა, თუმცა მის სიტყვებს უარყოფითი რეაქცია მოჰყვა და სიტყვის დასრულების შესაძლებლობა არ მისცეს. ამის შემდეგ სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგი დანიშნა და განმარტებები გააკეთა.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ მას შემდეგ, რაც აქციის შესახებ გაიგო, მოისურვა, ჩასულიყო „იმ ადამიანებთან, რომელთან ერთადაც არაერთი ბრძოლა“ გაუვლია, მისი სიტყვებით, „იმ შავბნელ დღეებში, როცა ჩვენ ერთად ვებრძოდით მიშას დანაშაულებრივ რეჟიმს“.

როგორც ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა,  მის წინააღმდეგ „ბულინგი, ზეწოლა, შანტაჟი“ მიმდინარეობს. ასევე მან გააკრიტიკა პრეზიდენტის სასახლესთან გამართული აქცია, მმართველი პარტია და „ნაციონალური მოძრაობა“.

ამასთან,  ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილს „დაცემული“ უწოდა და თქვა, რომ მას „ორივე მხარე“ აქეზებდა, რომ საქართველოში ჩამოსულიყო.

“მთავარ კითხვაზე პასუხი გაეცემა მაშინ, როცა გაეცემა”, – ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა კითხვას მიხეილ სააკაშვილის შეწყალების შესახებ.

„ზეწოლა, შანტაჟი, მუქარა“ – ზურაბიშვილი აქციას და პროცესებს აფასებს

მასალების გადაბეჭდვის წესი