ახალი ამბები

ზოგი კლინიკა ფასის გასაზრდელად ჩარევების ხელოვნურად დამატებას ცდილობს — მინისტრი DRG მოდელზე

27 დეკემბერი, 2022 • 795
ზოგი კლინიკა ფასის გასაზრდელად ჩარევების ხელოვნურად დამატებას ცდილობს — მინისტრი DRG მოდელზე

ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი საყოველთაო ჯანდაცვის DRG დაფინანსების მოდელის სატესტო რეჟიმში გამოვლენილ პრობლემებზე საუბრობს.

სამედიცინო დაწესებულებებში დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელი პირველი ნოემბრიდან ამოქმედდა. ეს ნიშნავს, რომ თუ აქამდე საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში დაფინანსება ხდებოდა სამედიცინო მომსახურებაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით, ამიერიდან დიაგნოზების მიხედვით ხდება. მინისტრის ინფორმაციით, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც კლინიკები ან უარს ამბობენ გარკვეული მომსახურების გაწევაზე, ან ხელოვნურად ზრდიან სამედიცინო ჩარევებს.

„ორი თვის განმავლობაში ყოველდღიურ რეჟიმში ვაკვირდებით და ვაფასებთ, თუ რა ხარვეზები იკვეთება. სამწუხაროდ, ზოგიერთ შემთხვევაში იკვეთება, რომ ცდილობენ სხვადასხვა ჩარევების ხელოვნურად დამატებას ფასის გაზრდის მიზნით. მინდა, ყველა მსგავსმა კლინიკამ, მათმა მენეჯმენტმა თუ დამფუძნებლებმა იცოდნენ, რომ ჩვენ ყველა ასეთ შემთხვევას აუცილებლად ინდივიდუალურად გავივლით და ისინი მიიღებენ სამართლიან ანაზღაურებას, რაც ეკუთვნოდათ ამ სისტემის მიხედვით გაწეული მომსახურებიდან. არცერთ შემთხვევაში არ გადავიხდით ბიუჯეტიდან ზედმეტი თანხებს მათთვის“, — განაცხადა აზარაშვილმა და დასძინა, რომ ასეთი შემთხვევა ბევრია, თუმცა ყველა კლინიკას არ ეხება.

„ამ ორი თვის შეჯამების შემდეგ მოგვიწევს სხვადასხვა პროცესის გადახედვა, რომელიც უფრო მეტი მონიტორინგის და კონტროლის შესაძლებლობას მოგვცემს, რადგანაც ამ პერიოდში, სამწუხაროდ, არის ფაქტები, როდესაც პირადი ფინანსური დაინტერესებიდან გამომდინარე, ზოგიერთ შემთხვევაში საკმაოდ მძიმე პაციენტების მიღებაზე, ზოგჯერ ოპერაციებზეც თქვეს უარი. ეს ყოვლად მიუღებელია, რადგან არა მარტო სახელმწიფო, არამედ თვითონ კლინიკები და ექიმებიც ჩართულები უნდა იყვნენ მოქალაქეებისთვის სრულყოფილი სამედიცინო მომსახურების გაცემაზე“, — განაცხადა აზარაშვილმა.

მინისტრი არ მიიჩნევს, რომ პრობლემა არის  DRG დაფინანსების მოდელით დიაგნოზებისთვის განსაზღვრული ზედმეტად დაბალი ფასები.

„ფასები გამომდინარეობს იმ საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკიდან, რომელიც დღესაც მუშაობს ყველა ქვეყანაში. რასაკვირველია, ჩვენ არ გვქონდა ილუზია, რომ ყველანაირ რისკებს გადავაზღვევდით, მაგრამ თავიდანვე მაქსიმალურად კარგად გვქონდა შეფასებული და იმ მინიმალურ ხარვეზებს, რაც გამოიკვეთა, ოპერატიულად ვასწორებთ, მაგრამ სექტორის მხრიდანაც გვინდა მხარდაჭერა, რომ პატიოსანი მიდგომა ჰქონდეთ და ნაკლები პრობლემები შეგვიქმნან“, — დასძინა აზარაშვილმა.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, DRG დაფინანსების მოდელზე გადასვლის შემდეგ არცერთი კლინიკა სრულად არ გასულა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამიდან, ზოგიერთმა კი ნაწილობრივ თქვა უარი, რაც 2023 წლის იანვრიდან შეუძლებელი გახდება.

„იმან, რომ არცერთი კლინიკა სრულად არ გასულა, სწორი მინიშნებაც მოგვცა იქიდან გამომდინარე, რომ თუ კლინიკა ერთვება საყოველთაო ჯანდაცვაში, შეუძლებელია, რომ პაციენტი მიდიოდეს და [კლინიკა] ზოგი სერვისის გაკეთებაზე თანახმა იყოს და ზოგზე — არა“, — თქვა ზურაბ აზარაშვილმა.

მინისტრის თანახმად, კლინიკებს შესაბამისი წერილი გაეგზავნათ და იანვრის ბოლოს ყველა კლინიკა, ვინც არის ჩართული საყოველთაო ჯანდაცვაში, ვალდებული იქნება, ან სრულყოფილად იყოს ჩართული პროგრამაში, ან საერთოდ არ ჩაერთოს.

პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება

მასალების გადაბეჭდვის წესი