ახალი ამბები

პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება

17 ოქტომბერი, 2022 • 1174
პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში DRG დაფინანსების მოდელი ამოქმედდება

პირველი ნოემბრიდან სამედიცინო დაწესებულებებში მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების ახალი მოდელი ამოქმედდება.

DRG დაფინანსების მოდელი ჯანდაცვის სამინისტრომ წარუდგინა  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართული კლინიკების ხელმძღვანელებს, ექიმებსა და სხვადასხვა ასოციაციის წევრებს.

DIAGNOSIS RELATED GROUP (DRG) არის სტაციონარული შემთხვევების ტიპების კლასიფიკაცია ჯგუფებად, რომლებიც კლინიკურად (დიაგნოზით) მსგავსია და მოსალოდნელია, მსგავს რესურსებს იყენებდნენ. დაჯგუფებები ეფუძნება დიაგნოზებს. შესაძლებელია დაფუძნდეს პროცედურებზე, ასაკზე, სქესზე, გართულებების ან თანმხლები დაავადებების არსებობაზე.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, DRG მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში დაფინანსების ფართოდ აპრობირებული მოდელია, რომლითაც „ავტომატურად გამოითვლება ის სამართლიანი ფასი, რასაც სამინისტრო მოქალაქეების ხარისხიანი მკურნალობისთვის გადაიხდის“.

უწყების ცნობით, DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტს დამატებითი ხარჯების გაწევა აღარ მოუწევს და მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში თანაგადახდის წილი ითვალისწინებს.

საქართველომ 2017 წლის დასაწყისში მიიღო გადაწყვეტილება NordDRG სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით.  2023 წლის პირველ იანვრამდე განსაზღვრულია საშეღავათო პერიოდი, ხოლო 2023 წლის პირველი იანვრიდან
პროექტი სრულყოფილად, საჯარიმო სანქციების ჩათვლით ამოქმედდება.

ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  • გეგმური და გადაუდებელი ამბულატორია
  • ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
  • გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
  • მშობიარობა / საკეისრო კვეთა
  • ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
  • კომბუსტიოლოგია
  • თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
  • სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცო მომსახურება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი