ახალი ამბები

სერბეთი აცხადებს, რომ არმია საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა

27 დეკემბერი, 2022 • 1187
სერბეთი აცხადებს, რომ არმია საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა

სერბეთსა და კოსოვოს შორის დაძაბულობის ესკალაციის ფონზე, სერბეთის თავდაცვის მინისტრმა მილოშ ვუჩევიჩმა განაცხადა, რომ არმია „საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზეა“.

სერბეთის პრეზიდენტ ალექსანდრ ვუჩიჩის თქმით, ის „მიიღებს ყველა ზომას ხალხის დასაცავად და სერბეთის შესანარჩუნებლად“.

BBC-ის ცნობით, იარაღის ჟღარუნი ახლა უფრო ხმამაღლა ისმის, ვიდრე ოდესმე და მედიის მტკიცებით, პრიშტინა ამზადებს თავდასხმას ეთნიკურ სერბთა რაიონებზე ჩრდილოეთ კოსოვოში.

პრიშტინის მთავრობას კომენტარი არ გაუკეთებია ბრალდებებთან დაკავშირებით, მაგრამ მანამდე ალექსანდრ ვუჩიჩს პრობლემების გაღვივებაში ადანაშაულებდა.

ევროკავშირმა მხარეებს მოუწოდა, მაქსიმალურად შეკავონ თავი და სერბეთისა და კოსოვოს ლიდერებმა პირადი წვლილი შეიტანონ პრობლემის პოლიტიკური გადაწყვეტაში.

სერბეთი VS კოსოვო

კოსოვო იყო სერბეთის პროვინცია 1998-1999 წლების ომამდე, რომლის დროსაც სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმმა 13 000-ზე მეტი ადამიანი დახოცა და 1.4 მილიონზე მეტი ეთნიკური ალბანელი გადაასახლა.

2008 წლის 17 თებერვალს, კოსოვოს მიერ სერბეთისგან დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ალბანეთი, გაერთიანებული სამეფო, თურქეთი და საფრანგეთი იყვნენ პირველი ქვეყნები, რომლებმაც აღიარეს კოსოვოს დამოუკიდებლობა. გაეროს წევრი 100-ზე მეტი სახელმწიფო, ასევე ნატო და ევროკავშირი შეთანხმდნენ კოსოვოს დამოუკიდებლობის აღიარებაზე. ნატოს კოსოვოში დისლოცირებული ჰყავს სამშვიდობო ჯარები.

სერბეთის გარდა, კოსოვოს დამოუკიდებელ სახელმწიფოდ აღიარებაზე უარს ამბობს რუსეთი, საბერძნეთი, ესპანეთი, ჩინეთი და სხვა.

დაძაბულობის მიზეზი ახლა

კოსოვოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და კოსოვოს ჩრდილოეთ რეგიონში მცხოვრებ სერბთა უმცირესობას შორის ურთიერთობა წლების განმავლობაში დაძაბულია, 2022 წელს მოხდა სამოქალაქო დაუმორჩილებლობა და გზების ბლოკადა.

აღნიშნულს წინ უძღოდა კოსოვოს მთავრობის ორი გადაწყვეტილება სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ.

კოსოვოს ჩრდილოეთში, რომელიც სერბეთს ესაზღვრება და სადაც უმრავლესობა ეთნიკური სერბია, 50 000-მა ადამიანმა უარი თქვა კოსოვოს სანომრე ნიშნების გამოყენებაზე. კოსოვოს მთავრობამ ახალი წესების განხორციელება გადადო.

ევროკავშირის შუამავლობით შედგა შეთანხმება, რომ კოსოვო უარს იტყვის სერბეთის მიერ გამოშვებული სანომრე ნიშნების მფლობელების დაჯარიმების გეგმაზე და სერბეთი შეწყვეტს კოსოვოს ქალაქების ინიციალებით რეგისტრაციის გაცემას.

თუმცა შემდგომი არეულობა გამოიწვია ყოფილი სერბი პოლიციელის დაკავებამ 10 დეკემბერს ჩრდილოეთ კოსოვოში.

დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე

მასალების გადაბეჭდვის წესი