საზოგადოება

დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე

1 აგვისტო, 2022 • 2890
დაძაბულობა კოსოვო-სერბეთის საზღვარზე

31 ივლისს ვითარება დაიძაბა სერბეთი-კოსოვოს საზღვარზე.

სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ვიდეოს მიხედვით, სერბეთის ქალაქ ნოვი პაზარში, რომელიც კოსოვოს საზღვართან მდებარეობს, განგაშის სირენების და სროლის ხმა ისმოდა.

Balkan insight-ის ინფორმაციით, კოსოვოს პოლიციამ დაადასტურა, რომ ჩრდილოეთ კოსოვოს ზოგიერთ ადგილას სროლის ხმა ისმოდა, ზოგ შემთხვევაში, პოლიციის ქვედანაყოფების მიმართულებით, თუმცა დაღუპული და დაჭრილი არავინაა.

სერბეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, არაერთი დეზინფორმაცია ვრცელდება და  სერბეთის არმიას კოსოვოს საზღვარი ჯერ არ გადაუკვეთავს.

„რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს ცნობით, ჩრდილოეთ კოსოვოში მცხოვრებმა ეთნიკურმა სერბებმა ჩახერგეს გზები სერბეთთან ორი ძირითადი სასაზღვრო გადასასვლელის მახლობლად. ამის შემდეგ კოსოვოს პოლიციამ გამოაცხადა, რომ მათ დაკეტეს სასაზღვრო გადასასვლელები იარინიესა და ბრნიაკში მომიტინგეების ბლოკადის გამო.

კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბერ კურტიმ განაცხადა, რომ სერბეთის პრეზიდენტი] და ე.წ. კოსოვოს ოფისის დირექტორი პეტარ პეტკოვიჩი პასუხისმგებელნი არიან კოსოვოს ჩრდილოეთში არსებულ ვითარებაზე.

„შემდეგი საათები, დღეები და კვირები შეიძლება იყოს რთული და პრობლემური“, — თქვა მან.

რუსეთმა, თავის მხრივ, მოუწოდა პრიშტინას, შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს, „შეწყვიტონ პროვოკაციები და დაიცვან სერბების უფლებები კოსოვოში“. განცხადება რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვამ გააკეთა.

რა გახდა პროტესტის მიზეზი?

ბლოკადას წინ უძღოდა კოსოვოს მთავრობის ორი გადაწყვეტილება სერბული დოკუმენტებისა და სანომრე ნიშნების შესახებ, რომელიც 1-ლი აგვისტოდან შედის ძალაში.

ამ გადაწყვეტილებით, სერბეთის მოქალაქეებს კოსოვოში შესასვლელად დასჭირდებათ სპეციალური შესვლის და გასვლის საიდენტიფიკაციო დოკუმენტები. ნებართვა 90 დღის განმავლობაში იქნება ვალიდური. კოსოვოს მთავრობის ცნობით, ეს არის საპასუხო ზომა და ეს პოლიტიკა თანხვედრაშია გრძელვადიან პრაქტიკასთნ, რომელსაც ბელგრადი იყენებს სერბეთში ჩასული კოსოვოს მოქალაქეებისთვის. ბელგრადი არ ცნობს თავის ყოფილ პროვინციას კოსოვოს, რომელმაც დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა და თავის მოქალაქეებს სთხოვს, სერბეთში ვიზიტისთვის წარადგინონ დროებითი პირადობის მოწმობა.

„სერბეთის მიერ გაცემული დოკუმენტებით მოქალაქეებს კოსოვოში არ მივიღებთ, მაგრამ ვაძლევთ დეკლარაციას, რადგან 11 წელია, სერბეთი ჩვენი რესპუბლიკის ყველა მოქალაქეს ასე ექცევა. ასე რომ, ხვალიდან მათ კიდევ ერთი დოკუმენტი ექნებათ“, — განაცხადა კოსოვოს პრემიერ-მინისტრმა ალბინ კურტიმ 31 ივლისს.

კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შეეხება სანომრე ნიშნებს. ეთნიკური სერბები კოსოვოს ჩრდილოეთში 1999 წლის ომის შემდეგ იყენებენ სერბეთის ინსტიტუტების მიერ გაცემულ მანქანის ნომრებს კოსოვოს ქალაქების შემოკლებით, როგორიცაა KM (Kosovska Mitrovica), PR (Prishtina) ან UR (Urosevac). კოსოვოს მთავრობა ახლა მოითხოვს, ეს სანომრე ნიშნები შეიცვალოს კოსოვოს სანომრე ნიშნებით (RKS) ჩრდილოეთის ოთხ მუნიციპალიტეტშიც, სადაც სერბული უმრავლესობაა.

სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა თქვა, რომ პრიშტინას ადმინისტრაციულმა გადაწყვეტილებებმა შეიძლება ინციდენტები გამოიწვიოს.

N1 TV-ის ცნობით, მან აღნიშნა, რომ სერბეთი „არასოდეს ყოფილა [კოსოვოსთან დაკავშირებით] უფრო რთულ და რთულ ვითარებაში, ვიდრე დღეს არის“. ვუჩიჩმა ყველა მხარეს სთხოვა მშვიდობის შენარჩუნება, ამავდროულად, დასძინა, რომ „თუ მათ არ სურთ მშვიდობის შენარჩუნება, სერბეთი გაიმარჯვებს“.

სერბმა დეპუტატმა მმართველი პარტიიდან ვლადიმერ ჯუკანოვიჩმა Twitter-ზე დაწერა:

„როგორც ჩანს, სერბეთი იძულებული იქნება ბალკანეთის დენაციფიკაცია დაიწყოს. მინდა ვცდებოდე“.


წინაისტორია

ალექსანდრ ვუჩიჩმა ჯერ კიდევ ერთი თვის წინ, ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე განაცხადა, რომ პრიშტინის ხელისუფლება გეგმავს თავდასხმას კოსოვოს ჩრდილოეთზე, სადაც ძირითადად სერბები ცხოვრობენ.

სანომრე ნიშნების საკითხი ჯერ კიდევ 2021 წლის შემოდგომაზე გამწვავდა, როდესაც კოსოვომ სერბული მანქანებს მოსთხოვა, დროებით შეეცვალათ ნომრები კოსოვოს ნომრებზე, სანამ ქვეყანაში იმყოფებოდნენ, როგორც კოსოვოს მანქანებისთვისაა აუცილებელი სერბეთში.

საპასუხოდ ბელგრადმა გაგზავნა სამხედროები საზღვარზე, მათ შორის ვერტმფრენები, ჯარები და სამხედრო თვითმფრინავები და მოსთხოვა კოსოვოს, საკუთარი პოლიცია გაეყვანა საზღვრის საკუთარი მხრიდან.

სერბეთმა ასევე მოაწყო საპროტესტო აქციები და საგზაო ბლოკირება. კოსოვო კვლავ აცხადებდა მზადყოფნას, მოეხსნა მოთხოვნები, თუ სერბეთი იგივეს მოიმოქმედებდა, რაზეც ამ უკანასკნელმა უარი თქვა. შემდეგ გაფორმდა შეთანხმება, რომელიც ითვალისწინებდა ორივე ქვეყანის მიერ მეორის ქვეყანაში ყოფნისას სანომრე ნიშნევბზე თავისი დროშების სტიკერებით დაფარვას.

კოსოვო იყო სერბეთის პროვინცია 1998-1999 წლების ომამდე, რომლის დროსაც სლობოდან მილოშევიჩის რეჟიმმა მოკლა 13 000-ზე მეტი ადამიანი და გადაასახლა 1,4 მილიონზე მეტი ეთნიკური ალბანელი.

26 ივლისს საგარეო საქმეთა მინისტრმა დონიკა გერვალამ თქვა, რომ კოსოვო ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადს 2022 წლის ბოლოსთვის გააკეთებს. კოსოვო ბოლო იქნება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნიდან, ვინც ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადს აკეთებს. სერბეთი და მონტენეგრო უკვე მუშაობენ მოლაპარაკებების პროცესის თავებზე, ხოლო ალბანეთმა და ჩრდილოეთ მაკედონიამ გასულ კვირას ოფიციალური მოლაპარაკებები გახსნეს. ბოსნია-ჰერცეგოვინამ განაცხადი 2016 წელს გააკეთა, მაგრამ ოფიციალური კანდიდატი ჯერ არ გამხდარა.

მასალების გადაბეჭდვის წესი