ახალი ამბები

ყოველ დღე ვფიქრობთ, რომელიმე ოფიციალურმა პირმა რაღაც სისულელე არ იტლიკინოს ქართველ მეომრებზე – გახარია

24 დეკემბერი, 2022 • 2601
ყოველ დღე ვფიქრობთ, რომელიმე ოფიციალურმა პირმა რაღაც სისულელე არ იტლიკინოს ქართველ მეომრებზე – გახარია

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია “საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია ხელისუფლების მიერ უკრაინაში მებრძოლ ქართველებზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. მისი თქმით, ქართველები უკრაინაში მშვიდობისთვის იბრძვიან, ის კი შიშობს, რომ რომელიმე ოფიციალურმა პირმა ქართველ მებრძოლებზე “რაღაც სისულელე არ იტლიკინოს”.

აღნიშნული განცხადება მისი პარტიის წევრმა, ანა ბუჩუკურმა სოციალურ ქსელ ტიკ-ტოკში დღეს, 24 დეკემბერს განათავსა.

“ნერვები გვაქვს დაწყვეტილი და ყოველ დღე ვფიქრობთ, რომ რომელიმე ჩვენი ოფიციალური პირი არ გამოვიდეს და კიდევ რაღაც სისულელე არ იტლიკინოს იმ ქართველ მეომრებზე, რომლებიც მშვიდობისთვის იბრძვიან უკრაინაში. ახლა ვიღაცას თუ ჰგონია, რომ აქ ტელევიზიაში რომ გამოვა, ზოგიერთ არხზე, ეს უღირსი საომარი რადიკალური რიტორიკა ქვეყანაში მშვიდობის დასამყარებლად არის მოწოდებული და ის ხალხი, რომელიც ჩუმად უკრაინაში არიან დღეს, ქართველები და ებრძვიან საერთო მტერს და ქვეყნის ოკუპანტს, ისინი არ იცავენ მშვიდობას…

ეს ხომ დროის თემაა, დღეს იქნება თუ ხვალ, ეს ხომ სულ ვერ იმუშავებს, ეს ყველაფერი ხომ გაჩერდება რაღაც მომენტში, რომ დასხდებიან ამას ყველაფერს გაანალიზებენ”, – აცხადებს გახარია.


მიმდინარე თვის დასაწყისში, “ქართული ოცნების” წარმომადგენლები აქტიურად აკეთებდნენ განცხადებებს იმის შესახებ, რომ ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში არა “ენთუზიაზმით და იდეისთვის”, არამედ ფულის სანაცვლოდ იბრძვის. მათი თქმით, ისინი უკრაინაში “ნაციონალურ მოძრაობას” “მიჰყავს”, “ქართული ლეგიონი” კი ფულს სთავაზობს.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოტივაციების გამიჯვნა და იმაზე საუბარი, რომ ადამიანების ნაწილი იქ საკუთარი “გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით” იბრძვის, ნაწილი კი “ვიღაცის მოწოდებით არის წასული” მმართველმა პარტიამ დეკემბრის დასაწყისში დაიწყო. აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 6 დეკემბერს გააკეთა.

მან ასევე თქვა, რომ “არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ ომში და როგორ მოახდინონ ამ ამბების რომანტიზება”.

ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც მან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის საჯარო მისამძიმრებისას განაცხადა, რომ “ომის პარტიას” “ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად მიჰყავს”.

ამავე თემაზე ნახეთ ვრცლად:

“ბრძოლა იდეისთვის” თუ “ფულის სანაცვლოდ” – რატომ ჰყოფს “ოცნება” მეომრების მოტივაციას

მასალების გადაბეჭდვის წესი