საზოგადოება

“ბრძოლა იდეისთვის” თუ “ფულის სანაცვლოდ” – რატომ ჰყოფს “ოცნება” მეომრების მოტივაციას

9 დეკემბერი, 2022 •
“ბრძოლა იდეისთვის” თუ “ფულის სანაცვლოდ” – რატომ ჰყოფს “ოცნება” მეომრების მოტივაციას

“ქართული ოცნების” ლიდერები რამდენიმე დღეა აცხადებენ, რომ ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში არა “ენთუზიაზმით და იდეისთვის”, არამედ ფულის სანაცვლოდ იბრძვის. მათი თქმით,  ისინი უკრაინაში “ნაციონალურ მოძრაობას”  “მიჰყავს”, “ქართული ლეგიონი” კი ფულს სთავაზობს.

“გულწრფელი სულისკვეთება ვერანაირად გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ხელფასიც დაენიშნოს მებრძოლს”, – ამბობს “საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროსი მკვლევარი, გიორგი კობერიძე და დასძენს, რომ ფულთან დაკავშირებული რიტორიკა რუსეთში იღებს სათავეს.


ეს რიტორიკა საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური გახდა 8 დეკემბერს, მას შემდეგ რაც ტელეკომპანია პოსტ ტვ-მ გამოაქვეყნა “ჟურნალისტური ექსპერიმენტი”, სადაც ასახულია სავარაუდოდ უკრაინაში მებრძოლ ქართულ ლეგიონსა და “ომში წასვლის მსურველ მოქალაქეს” შორის მიმოწერა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმოწერაში არ ჩანს, რომ “ქართული ლეგიონის” წარმომადგენლები საქართველოს მოქალაქეებს ფულის სანაცვლოდ უკრაინაში წასვლისკენ მოუწოდებენ ან სთავაზობენ ამას, მმართველი პარტიის წარმომადგენლებმა ამ საკითხზე არაერთი კომენტარი გააკეთეს და აღნიშნული მიმოწერა მოიყვანეს იმის დასადასტურებლად, რომ ქართველი მებრძოლების ნაწილისთვის ძირითადი მოტივაცია სწორედ ფინანსური სარგებელია.

რას ამბობს “ქართული ოცნება”

უკრაინაში მებრძოლი ქართველების მოტივაციების გამიჯვნა და იმაზე საუბარი, რომ ადამიანების ნაწილი იქ საკუთარი “გმირული სულისკვეთებით და თავისი რწმენით” იბრძვის, ნაწილი კი “ვიღაცის მოწოდებით არის წასული” მმართველმა პარტიამ რამდენიმე დღის წინ დაიწყო. აღნიშნული განცხადება “ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ 6 დეკემბერს გააკეთა.

მან ასევე თქვა, რომ “არიან ადამიანები, რომლებიც სოფელ-სოფელ დადიან და ეძებენ, ვინ წაიყვანონ ომში და როგორ მოახდინონ ამ ამბების რომანტიზება”.

ამას წინ უძღოდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, როდესაც მან უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებისთვის საჯარო მისამძიმრებისას განაცხადა, რომ “ომის პარტიას” “ჩვენი თანამოქალაქეები უკრაინაში საბრძოლველად მიჰყავს”.

მოგვიანებით, 7 დეკემბერს ირაკლი ღარიბაშვილმა საკუთარი განცხადება განმარტა და აღნიშნა, რომ ერთმანეთისგან უნდა გაიმიჯნონ ის ადამიანები, ვინც საკუთარი სურვილით არიან წასული უკრაინაში საბრძოლველად და ვინც ენმ-ს წევრია და პოლიტიკურ განცხადებებს აკეთებს. ასეთად კი ღარიბაშვილმა უკრაინაში “ქართული ლეგიონის” ხელმძღვანელი მამუკა მამულაშვილი დაასახელა.

ტელეკომპანია “პოსტ ტვ”-მ გამოაქვეყნა მიმოწერა, რომელიც როგორც თავად ტელეკომპანიამ განმარტა, ექსპერიმენტია და აღნიშნა, რომ უკრაინაში საბრძოლველად საქართველოს მოქალაქეები “ქართულ ლეგიონს” “მიჰყავს”, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობის” წევრის, ნონა მამულაშვილის ძმა, მამუკა მამულაშვილი ხელმძღვანელობს.

ამასთან, პოსტის აღწერაში აღნიშნულია, თითქოს მიმოწერაში ტელეკომპანიას დაუდასტურეს, რომ “„ლეგიონი“ ნამდვილად სთავაზობს ქართველებს უკრაინაში, საომარ მოქმედებებში ჩართვას, თანაც თანხის სანაცვლოდ”.

მიმოწერები კი იწყება პოსტ ტვ-ის წარმომადგენლის ტექსტით, რომელიც ლეგიონის წარმომადგენლებს ეუბნება, რომ დაინტერესებულია “ახალ დანაყოფში” გაწევრიანებით შემდეგ კი ეკითხება პირობებს, მათ შორის კონტრაქტისა და ხელფასის თაობაზე. რაზეც ლეგიონის წარმომადგენელი პასუხობს:

“სანამ კურსებს არ გაივლით წინა ხაზზე არავინ გადის, გადამზადების გარეშე. გადამზადების შემდეგ კონტრაქტს აწერთ ხელს, გეძლევათ სამხედრო ბილეთი და ირიცხებით შეიარაღებულ ძალებში”.

ამის შემდეგ “დაინტერესებული მოქალაქე” ლეგიონის წარმომადგენელს ეკითხება, ეძლევათ თუ არა კურსებზე ხელფასი, რაზეც ლეგიონის წევრი პასუხობს, რომ ხელფასი 45 000 გრივნაა, ხოლო საბრძოლო მოქმედებების თანხა “ცალკეა” და განმარტავს, რომ ანაზღაურება საერთო ჯამში, საბრძოლო მოქმედებების ჩათვლით 2 000 აშშ დოლარამდეა.

მამუკა მამულაშვილისა და “ქართული ლეგიონის” შესახებ ისაუბრა პარლამენტის წევრმა, უმრავლესობის წარმომადგენელმა ალუდა ღუდუშაურმაც. მან ჟურნალისტებთან საუბრისას მამულაშვილი პირდაპირ დაადანაშაულა “ფულის აღებაში” და განაცხადა, რომ “ქართული ლეგიონის” ლიდერს “პირდაპირი გაგებით ბიზნესი აქვს გაჩაღებული უკრაინაში საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით”. მისი თქმით, მამულაშვილი უკრაინაში “საკუთარ ინტერესებს ატარებს” და “თანხის სანაცვლოდ საომარ მოქმედებებში” მიჰყავს ადამიანები.

“ეს არის პირდაპირ შენი ქვეყნის, შენი მოქალაქეების ღირსების აყრა, რომ მოგცემ თანხას და ამ თანხის სანაცვლოდ, შენ საკუთარი ოჯახი, საკუთარი სიცოცხლე დააყენე რისკის ქვეშ და წამოდი საომარ მოქმედებებშიო.

ბატონი მამულაშვილი არის ნაციონალური მოძრაობის აქტიური აპოლოგეტი. ყველასთვის ცნობილია ეს. ის არ და ვერ გაემიჯნება ამ ფაქტს, რომ ის არის “ნაციონალური მოძრაობის” მთავარი წარმომადგენელი დღეს და ხშირ შემთხვევაში სპიკერი თუ რუპორი, მისი იდეების გამტარებელი. როდესაც ეს ადამიანები ხელისუფლებაში ყოფნის დროს ჩვენს მოქალაქეებს პატივს ყრიდნენ, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყნის რაიმე განვითარება, დოვლათის შექმნა, ღირსეული დასაქმება შესთავაზონ, სთავაზობენ ომში წაგიყვან და ფულს გადაგიხდიო. ეს არის ამორალური.

ყველამ კარგად გაიგოს, რომ ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ჯანმრთელობის და სიცოცხლის ხარჯზე ბიზნესის კეთება ჰქონდათ 9 წლის განმავლობაში, როდესაც მმართველობაში იყვნენ. ახლა ეს გაჩაღებული აქვთ და იყენებენ ამ ბინძურ კამპანიას უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში”, – თქვა ღუდუშაურმა.

ამის შესახებ კომენტარი გააკეთა მმართველი პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, რატი იონათაშვილმაც:

“ყველაზე მძიმე და მიუღებელია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა უკრაინაში საომარ მოქმედებებში და ატყუებენ, როდესაც ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას”, – განაცხადა მან.

უკრაინაში მებრძოლი ქართველების შესაძლო მოტივაციებზე გუშინ ასევე ისაუბრა “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემაც. მისი თქმით, პატივი უნდა ვცეთ იმ ადამიანების ენთუზიაზმს, რომელთაც “გულით სჯერათ, რომ იდეისთვის იბრძვიან”. ხოლო ისინი, ვინც ფულის სანაცვლოდ “აკეთებს ამას”, მისი თქმით, მათ მიმართ არსებობს “კითხვის ნიშნები და შესაფასებელი მოვლენაა”.

“რაღაც ზღვარი უნდა გაევლოს, მაგრამ მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ვინც ენთუზიაზმით იბრძვის, იდეისთვის, რა თქმა უნდა, ის იმსახურებს პატივისცემას.

თუ ადამიანი ენთუზიაზმით იდეისთვის იბრძვის და ამ იდეას ეწირება, ის, რა თქმა უნდა, გმირია. მაგალითად, ფულის სანაცვლოდ შეიძლება ვიღაცა მიდიოდეს. მე იმედი მაქვს, რომ ოცდათოთხმეტივე და მინდა, ამის რწმენა მქონდეს, რომ ოცდათოთხმეტივე იდეით იბრძოდა”, – განაცხადა კობახიძემ უკრაინაში გარდაცვლილ მებრძოლებზე.

მამუკა მამულაშვილის პასუხი “ოცნების” ბრალდებებს

იმას, რომ “ქართული ლეგიონი” მოხალისეებს გასაწევრიანებლად იწვევს, მათ ფეისბუკ გვერდზეც ვნახავთ. კერძოდ, “ქართული ლეგიონის” ოფიციალურ გვერდის სათავეში მიმაგრებულია პოსტი, რომელიც 22 ივლისით თარიღდება, და რომელიც იწყება წინადადებით: “ქართული ლეგიონი რეკრუტირებას იწყებს – არ გადადოთ, დარეკეთ დღესვე!”.

მამუკა მამულაშვილის თქმით, “ქართული ლეგიონი” 2014 წელს შექმნა რამდენიმე თანამოაზრესთან ერთად და ამასთან კავშირი არ ჰქონია არც მიხეილ სააკაშვილს და არც რომელიმე სხვა პოლიტიკოსს.

“ეს იყო და არის დამოუკიდებელი დანაყოფი, რომელიც არ ითვალისწინებს პოლიტიკას”, – განაცხადა მამულაშვილმა ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

მისი განმარტებით, საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ იმიტომ, რომ “ქართული ოცნება” აკეთებს ყველაფერ იმის საწინააღმდეგოს, რისთვისაც ისინი დღეს უკრაინაში იბრძვიან.

რაც შეეხება მის დას, ნონა მამულაშვილს, მამუკას განცხადებით, ქართულ პოლიტიკასთან ერთადერთი კავშირი სწორედ მისი დის “ნაციონალურ მოძრაობაში” ყოფნაა, თუმცა თავად პოლიტიკას “არ ეკუთვნის”.

მამუკა მამულაშვილი

მისი განცხადებით, “ქართული ოცნების” ბოლოდროინდელი განცხადებები მასთან დაკავშირებით გამოწვეულია უკრაინაში “ქართული ლეგიონის” წარმატებით, რადგან მამულაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მმართველი პარტია ამ განცხადებებით რუსეთის დავალებას ასრულებდეს:

“მთლიანობაში იყო რიგი მოვლენები, რამაც განაპირობა ამ ადამიანების ეს გაღიზიანება. პირველ რიგში ეს არის, რომ ქართული ლეგიონი ყველაზე დიდი უცხოური შენაერთია. ქართული ლეგიონი სტატისტიკის მიხედვით ერთ-ერთი ყველაზე მაგარი სტატისტიკის მქონეა განადგურებული მტრის მხრივ.

ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რატომაც არიან გაღიზიანებულები და ალბათ რუსეთმა მოითხოვა, რომ რამენაირად შეეჩერებინათ ქართველების რეკრუტირება. მეორე ფაქტორი, რასაც შეიძლება განეპირობებინა ეს, არის მეორე გამოსვლა ევროპარლამენტში. არ ვიცი რატომ უსვამენ ხაზს ამ გამოსვლას. ლაპარაკი შეეხო ბიძინა ივანიშვილს და მე ვთქვი ასეთი რამ, რომ ბიძინა ივანიშვილს ტყვედ ჰყავს აყვანილი ქართველი ერი და მანიპულირებს. დიდი ალბათობით ეს რამდენიმე მიზეზია, რატომაც არიან გაღიზიანებულები”, – განაცხადა მან ტელეკომპანია “პირველთან”.

რაც შეეხება “ქართული ოცნების” წარმომადგენლების განცხადებებს იმასთან დაკავშირებით, რომ “ქართული ლეგიონი” საქართველოს მოქალაქეების მობილიზებას ახდენს თანხის სანაცვლოდ, მამულაშვილის განმარტებით, სამხედრო სამსახურისთვის ფინანსური ანაზღაურება იგივეა, რაც ნებისმიერ სხვა საკონტრაქტო სამსახურის შემთხვევაში და ეს არის “ელემენტარული ლოგიკა”.

თუმცა, მისი განცხადებით, უკრაინაში მყოფი უცხოელი მებრძოლების მოტივაცია ფინანსები არ არის. ამაში კი ლეგიონში გაწევრიანებისას აუცილებელი ეტაპის – გასაუბრების გავლისას რწმუნდებიან.

“ქართულ ლეგიონში მიღებას ვაცხადებთ, ეს არ ვრცელდება მხოლოდ საქართველოზე, ეს ვრცელდება ცივილიზებული მსოფლიოს დიდ ნაწილზე, სადაც რეკრუტირების ცენტრები გვაქვს. ეს ადამიანები გადიან გასაუბრებას და თუ მოტივაციად აქვთ ხელფასი, ესეთ ადამიანებს არავითარ შემთხვევაში არ ვიღებთ, რადგან თუ ადამიანი იდეოლოგიურად არ არის განწყობილი, რომ აკეთოს ის, რისთვისაც აქ ჩამოდის, აზრი არ აქვს [ჩამოსვლას]. აქ ისეთ ადამიანებს არ ვიღებთ, რომლებიც პირველ რიგში კითხულობენ, რამდენია ხელფასი და რა ანაზღაურება ექნებათ.

მეორე კრიტერიუმი, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, ესაა საბრძოლო გამოცდილება. ვიღებთ მხოლოდ ისეთ ადამიანებს, ვისაც საბრძოლო გამოცდილება აქვთ. არიან გამოცდილი მებრძოლები და იციან რასაც აკეთებენ პროფესიონალურად. ეს ძალიან მნიშვნელოვანია შტატის შენარჩუნებისთვის და იმისთვის, რომ ჯარისკაცი ცოცხალი დარჩეს”, – განმარტა მან ტელეკომპანია “ფორმულასთან”.

მისი თქმით, შესარჩევი ეტაპის გავლის შემდეგ ადამიანებს შეუძლიათ ხელი მოაწერონ უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან, კონკრეტულად კი თავდაცვის სამინისტროს სამხედრო დაზვერვასთან კონტრაქტს.

“გულწრფელი სულისკვეთება ხელფასს არ გამორიცხავს”

“საგარეო პოლიტიკის საბჭოს” უფროსი მკვლევარი, გიორგი კობერიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას განმარტავს, რომ სამხედრო სამსახურისთვის ფინანსური ანაზღაურების მიღებაში ახალი და დამაკნინებელი არაფერია, რადგან მსოფლიოში ყველა მებრძოლ არმიას აქვს ფინანსური ანაზღაურება.

“გულწრფელი სულისკვეთება ვერანაირად გამორიცხავს იმას, რომ შეიძლება ხელფასიც დაენიშნოს მებრძოლს.

უკრაინის გამარჯვება საქართველოს ინტერესებში შედის და ამ მოცემულობაში ვერანაირად ჩაანაცვლებს ფინანსური მოტივაცია. ის, რომ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს ანაზღაურება, ეს ელემენტარულია, რაც შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს, თუმცა ამ მოტივაციით არავინ მიდის და სიკვდილს არავინ უყურებს თვალებში”, – განმარტა მან.

კობერიძის თქმით, ის ნარატივი, რომ ადამიანები სხვადასხვა ქვეყნიდან უკრაინაში ომში ფინანსური დაინტერესების გამო მიდიან, რუსეთიდან იღებს სათავეს:

“ისინი [რუსეთში] ყველა დაღუპულ ქართველს დაქირავებულ მებრძოლად იხსენიებენ, ხაზს უსვამენ რომ თითქოს საქართველოდან წასული მებრძოლები არა იდეის, არამედ ფინანსების გამო არიან იბრძვიან.

ამ სიტყვას იყენებენ ევროპელ და ამერიკელ მეომრებზეც და ამბობენ, რომ დაღუპული სამხედროები არიან დაქირავებული სამხედროები, რაც პრაქტიკულად მათივე შექმნილი თხზულებაა, რომ ეს ადამიანები უკრაინაში ფულის გამო ჩავიდნენ და მზად არიან სწორედ ფულის გამო მოკვდნენ.

ამ იდეის წინ წამოწევა იმ ვითარებაში, რაც უკრაინაში ხდება ახლა, არის მთლიანად უსირცხვილო კამპანია, რადგან ასეთი მძიმე სარაკეტო და საარტილერიო ბძოლებისას, რაც უკრაინაში მიმდინარეობს, მხოლოდ ფინანსური მოტივაციით არავინ წავა. მით უმეტეს, რომ უკრაინაში ახლა ის ფინანსები ნამდვილად არ ტრიალებს, რომ რაღაც გრანდიოზულ თანხების გამო წავიდეს ვიღაც”, – განმარტავს კობერიძე.

გიორგი კობერიძე

ამასთან, მისი შეფასებით, არასწორია ბრალდებები, რომ თითქოს ვინმეს უკრაინაში საბრძოლველად “მიჰყავს” ქართველები, რადგან იქ მყოფი მებრძოლები დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან სურვილის შემთხვევაში და ეს სავალდებულო პროცედურა არ არის.

“უკრაინაში ადამიანები საკუთარი სურვილით მიდიან. ეს სურვილი კი მომდინარეობს იდეიდან, რომ საქართველოს სახელმწიფოსა და მის ერთ-ერთ უმთავრეს სტრატეგიულ მოკავშირე უკრაინას დაცვა სჭირდება.

შესაბამისად, ამ დაცვის პროცესში თუკი ქართველები, სხვა მეომრები ვინც ამჟამად იქ იცავენ საქართველოს ინტერესებსაც, მოხალისეებს ეხმარებიან, რომ წავიდნენ უკრაინაში, ეს პრობლემა ვერანაირად იქნება. მობილიზაცია სავალდებულო ფორმით არ მიმდინარეობს და არავინ აიძულებს სხვას უკრაინაში წასვლას საკუთარი სურვილის წინააღმდეგ”, – განმარტავს ის.

რაც შეეხება ქართველი მოხალისეების უკრაინულ არმიაში გაერთიანებას, კობერიძის განმარტებით ეს მნიშვნელოვანია მარტივი კოორდინაციისთვის, ორგანიზებისა და სისტემის გამართულობისთვის.

“როდესაც მებრძოლი გაწევრიანებულია უკრაინის სამხედრო ძალებში, ის ერთიან დაქვემდებარებულ სისტემაშია და შესაბამისად ბრძანება, რომელიც მასთან მიდის, ბევრად უფრო ეფექტურად შეიძლება შესრულდეს, უფრო კოორდინირებული შეიძლება იყოს თავდაცვის ძალებთან და შესაბამისად, ერთ მთლიან სისტემას უფრო გამართულს გახდის”, – განმარტა კობერიძემ.

თუმცა, მისი თქმით, მხოლოდ მოხალისეობა, თავდაცვის ძალებში გაწევრიანების გარეშე არ ნიშნავს, რომ მებრძოლი სამხედრო ბრძანებებს ვერ შეასრულებს, მაგრამ კოორდინაციასთან ერთად არმიაში ყოფნა ნიშნავს საფრთხის შემთხვევაში უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან მფარველობასაც.

მასალების გადაბეჭდვის წესი