ახალი ამბები

„ოცნებამ“ უნდა არჩიოს, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია თუ კრემლის დირექტივა – მელია

20 დეკემბერი, 2022 • 654
„ოცნებამ“ უნდა არჩიოს, ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია თუ კრემლის დირექტივა – მელია

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ უნდა აირჩიოს, მისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა თუ „კრემლიდან მიღებული დირექტივა“ მიხეილ სააკაშვილის შესახებ.

„საქართველოს ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, თავისუფლებისთვის საერთო მტერთან მებრძოლი პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის თხოვნა უფრო მნიშვნელოვანია მისთვის, თუ კრემლიდან, ბოროტების სავანიდან წამოსული დირექტივა“, – განაცხადა ნიკა მელიამ 20 დეკემბერს ბრიფინგზე.

მისი თქმით, „ახლა ეს განისაზღვრება მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის შესახებ მიღებული გადაწყვეტილებით – იქნება ეს კეთილი, ჰუმანიტარული, წინდახედული ნაბიჯი, თუ სასიკვდილო განაჩენი“.

მელიამ ასევე მადლობა გადაუხადა ზელენსკის და განაცხადა, რომ „უკრაინა და მისი პრეზიდენტი ამ ცივილიზაციური ომის პირობებშიც კი მიიჩნევენ სააკაშვილის სიცოცხლის გადარჩენის საკითხს [მნიშვნელოვან საკითხად]“.


ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართა საქართველოს მთავრობას და მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაიყვანონ. ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ყველას, ვინც ომის პირობებში უკრაინელებს ეხმარება. შემდეგ კი თქვა:

„მინდა მივმართო ყველა ჩვენს მეგობარსა და უბრალოდ კეთილსინდისიერ, საღად მოაზროვნე ადამიანს საქართველოში. ალბათ, ყველა ხედავს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის ამჟამინდელ მდგომარეობას. შესაბამისად, მე ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, საქართველოს ხელისუფლებას – ახლა აუცილებელია ლმობიერების გამოჩენა, განსაკუთრებით შობას“.

მასალების გადაბეჭდვის წესი