ახალი ამბები

მოვამზადოთ საფუძვლები რეპარაციისთვის — ვაშაძე-ხოშტარიას ინიციატივა

19 დეკემბერი, 2022 • 1027
მოვამზადოთ საფუძვლები რეპარაციისთვის — ვაშაძე-ხოშტარიას ინიციატივა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და „დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ აგვისტოს ომის გამოძიების დასრულებაზე ერთობლივი ბრიფინგი გამართეს და არასამთავრობო და იურიდიულ კომპანიებს მოუწოდეს, ერთობლივად მომზადდეს რუსეთის მიერ რეპარაციის გადახდის სამართლებრივი საფუძვლები.

გიორგი ვაშაძემ ხაზი გაუსვა, რომ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე განცხადებასაც არ აკეთებენ ჰააგის სასამართლოს პროკურორის დასკვნაზე.

„რატომ? — იმიტომ, რომ 10 წლის მანძილზე ეს ხალხი გვიმტკიცებდა, რომ ომი საქართველომ დაიწყო, მაგრამ პროკურორმა თქვა, რომ საქართველოს არანაირი ბრალი არ მიუძღვის; ფრაზები „მძინარე ცხინვალს დაესხა თავს საქართველო“ ან „სამშვიდობოების დაბომბვა დაიწყო ქართულმა მხარემ“ გაქარწყლდა“, — განაცხადა ვაშაძემ.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი დაინტერესდა:

  • აღძრეს თუ არა იგივე ტიპის სისხლის სამართლის საქმეები ქართულმა სამართალდამცავმა ორგანოებმა ჰააგის პროკურორის მიერ ბრალდებულ სამ ადამიანთან მიმართებაში;
  • აქვს თუ არა თბილისს საერთაშორისო ასპარეზზე სამოქმედო გეგმა ახლა, როდესაც მთლიანად იცვლება სამართლებრივი საფუძვლები და საქართველოს აქვს უფლება, მოითხოვოს რეპარაცია.

„2008 წლის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო სამართლებრივი მდგომარეობა ფუნდამენტურად შეიცვალა. ახლა ძალიან მნიშვნელოვანია კონკრეტული აქტივობა. მინდა მივმართო სხვადასხვა ტიპის იურიდიულ ორგანიზაციებს, არასამთავრობო თუ იურიდიულ კომპანიებს — მოდით, გავაერთიანოთ ძალისხმევა და იქ, სადაც „ქართული ოცნება“ ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს არ იცავს, ჩვენ მოვამზადოთ სამართლებრივი საფუძვლები იმისთვის, რომ მოხდეს ზიანის ანაზღაურება არა მხოლოდ 2008 წელს, არამედ 90-იანი წლებიდან მოყოლებული ყველა აგრესიული ქმედებების საფასურისას“, — განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პარტია „დროას“ ლიდერმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ჰააგის სასამართლოს პროკურორის გადაწყვეტილებით „ისტორიული სამართლიანობა აღდგა“.

„ჩავარდა საქართველოს დადანაშაულების „ქართული ოცნების“ მიზანმიმართული მცდელობები“, — თქვა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ არც სამშვიდობოებზე და არც ცხინვალის მოსახლეობაზე თავდასხმის ეპიზოდში საქართველოს ბრალეულობა არ დადგინდა.

„ეს იმას ნიშნავს, რომ ომის დაწყების ის ვერსია, რომელიც რუსეთმა და „ქართულმა ოცნებამ“ ერთად შემოგვახვიეს თავს, არის დამსხვრეული. არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლებად პოლიტიკურად და საერთაშორისო სამართლებრივი თვალსაზრისით კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დაიწყებს. მათ მოცილებამდე ვაპირებთ, ვიპოვოთ პარტნიორები ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რათა დაისაჯონ ბრალდებულები, დაუწესდეთ სანქციები, დავიწყოთ რეპარაციის გრძელი პროცესი, ასევე, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში, გაეროში თუ ევროსაბჭოში, მოხდეს კონკრეტული რეზოლუციების ინიციირება ახალი რეალობის გასამყარებლად“, — დასძინა ელენე ხოშტარიამ.

ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს პროკურორმა 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე გამოძიება დაასრულა.

გამოძიების შედეგად, 2022 წლის 30 ივნისს პირველმა წინასასამართლო პალატამ სამი ეჭვმიტანილი პირის დაპატიმრების ორდერები გამოსცა. ესენია:

  • გენერალ-ლეიტენანტი მიხაილ მინძაევი — 2005 წელს დაინიშნა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ადმინისტრაციის შინაგან საქმეთა მინისტრად  2008 წლის 31 ოქტომბრამდე;
  • გამლეტ გუჩმაზოვი — აგვისტოს ომის დრო სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს წინასწარი დაკავების დაწესებულების უფროსი;
  • დავით სანაკოევი —სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტის დე ფაქტო წარმომადგენელი ადამიანის უფლებათა საკითხებში, ასევე ცნობილი როგორც „ომბუდსმენი“ აგვისტოს ომის მოვლენების დროს.

გამოძიების ფარგლებში, აგრეთვე, გამოკვეთილია მითითებულ პერიოდში რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალ-მაიორის და საჰაერო ძალების მეთაურის მოადგილის ვიაჩესლავ ბორისოვის როლი, რომელმაც, გამოძიების ვარაუდით, განზრახ ხელი შეუწყო ზემოხსენებული დანაშაულების ჩადენას, თუმცა ის უკვე გარდაცვლილია.

მასალების გადაბეჭდვის წესი