7-დღიანი ლოდინის შემდეგ, ნეტგაზეთს სახელმწიფო უწყებებში უპასუხეს, თუ რა თანხაა გამოყოფილი უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესაძენად.
ეკონომიკის სამინისტროს თანახმად, ამისთვის 1.5 მილიონი ლარი გამოიყო, რაც დღევანდელი გაცვლითი კურსით, დაახლოებით 738 900 აშშ დოლარია.
„საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ „საქართველოს 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონით დადგენილი ასიგნების ფარგლებში გამოყო 1,5 მლნ ლარი, რომლითაც სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“ სხვადასხვა ტიპის გენერატორებს შეისყიდის უკრაინისთვის უსასყიდლოდ გადაცემის მიზნით“, – წერია ეკონომიკის სამინისტროს მიერ ნეტგაზეთისთვის გამოგზავნილ წერილში.
უწყების თანახმად, ამჟამად მოძიებულია გენერატორები და მიმდინარეობს მათი შესყიდვის პროცედურები.
საქართველოს მთავრობამ უკრაინისთვის გენერატორების გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილება 9 დეკემბერს მიიღო, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩებოდა, თუ როგორ და სად გეგმავდა ქვეყანა გენერატორების შესყიდვას.
ეკონომიკის სამინისტროს წერილიდან კვლავ გაურკვეველია, თუ რომელ ქვეყანაში გეგმავს საქართველო უკრაინისთვის გასაგზავნი ტვირთის შეძენას.
კასიანოვის განცხადებას 8 დეკემბერს მოჰყვა კრიტიკა სახელისუფლებო გუნდიდან, რა დროსაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატის ქცევა არღვევდა დიპლომატიურ ეტიკეტს.
„შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე.
ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, საქართველო არ აწარმოებდა იმ სიმძლავრის გენერატორებს, რომელთაც უკრაინა ითხოვდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ საქართველოს შეეძლო ამგვარი საქონელი უცხო ქვეყანაში შეეძინა და ამ წესით უკრაინისთვის გადაეცა.
უკვე 9 დეკემბერს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში გასაგზავნ გენერატორებს შეიძენდა.
რუსეთის რეაქცია გენერატორების გაგზავნაზე
უკრაინას გენერატორები არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აზერბაიჯანმაც გაუგზავნა.
როგორც წესი, რუსეთი თავს არ იწუხებს დასავლური სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების კრიტიკისთვის, მაგრამ აზერბაიჯანის შემთხვევაში, კრემლში განაცხადეს, რომ „ბაქოს მიერ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი იყო“. ამ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი გასაკვირია. რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეცოპერაციის ფარგლებში ანადგურებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც კიევის რეჟიმი სამხედრო საჭიროებისთვის იყენებს. აზერბაიჯანულ მარაგს, რომელმაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს სიტუაცია, ჰუმანიტარული დახმარება ნაკლებად ეწოდება“, — გამოცემის თანახმად აცხადებს სამთავრობო წყარო.
აზერბაიჯანმა უკრაინას 50 გენერატორი და 45 ტრანსფორმატორი გაუგზავნა, ტვირთის საერთო ღირებულება კი დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი იყო.
რატომ სჭირდება უკრაინას გენერატორები
ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.
მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.
ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.
ჩაბნელებული ლვოვი
უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ენერგოგენერატორების გაგზავნა „სწორი ნაბიჯი“ იქნებოდა.
„კარგი იქნება, თუ უკრაინაში ვინმე ოფიციალური პირი ამ გენერატორებთან ერთად ჩავა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, და შეეცდება ეს ურთიერთობები გამოასწოროს. ამისთვის ყველაზე ადეკვატური ფიგურა, ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრია.
მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელებისთვის და ურთიერთობების გამოსწორებისთვის სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.
მისივე განცხადებით, გენერატორების გადაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის გაღიზიანებად“.
„თუ ვინმეს ეშინია, რომ ამით რუსეთი გაღიზიანდება, არასწორია. ეს აბსოლუტურად უწყინარი, ჰუმანიტარული აქციაა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს გაყინვას უკრაინელი მეგობრები“, – აცხადებს ის.
სამოქალაქო ინიციატივა
სამოქალაქო კამპანიის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში შეგროვებული თანხით საქართველოდან უკრაინაში მიმდინარე კვირაში 394 მცირე გენერატორი გაიგზავნება.
კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, გენერატორების საერთო სიმძლავრე სამი საშუალო ზომის სოფლის გასანათებლად საკმარისია. მათ შორის არის 160 კილოვატის და 136 კილოვატის სიმძლავრის გენერატორები, რომლითაც კიევის ოლქის ორი ქალაქის – ბიორკას და პერეასლოვ-ხმელნიცკის წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ.