საზოგადოება

რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

29 ნოემბერი, 2022 • 1421
რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

ნეტგაზეთი დაინტერესდა, აპირებს თუ არა საქართველო ამგვარი დახმარების გაწევას უკრაინისთვის.

ენერგოშანტაჟი

უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, რუსეთი პერიოდულად ესხმოდა თავს ქვეყნის ენერგოინფრასტრუქტურას, თუმცა ამგვარი ფაქტები გახშირდა ზამთრის მოახლოებასთან ერთად.

პირველად რუსეთმა მხოლოდ ენერგეტიკული ობიექტები მიზანმიმართულად დაბომბა 10 ოქტომბერს, ყირიმის ხიდის აფეთქებიდან ორი დღის შემდეგ.

მალევე რუსეთმა უკრაინის ქალაქების საცხოვრებელი უბნებიც დაბომბა, მოგვიანებით კი ვლადიმერ პუტინმა აღიარა, რომ ეს ხდებოდა რუსული ხიდის აფეთქების გამო, მიუხედავად იმისა, რომ კიევი არ ადასტურებს, რომ აფეთქება მის მიერ იყო ორგანიზებული.

ოქტომბრიდან მოყოლებული თითქმის 6-კვირიანი დაბომბვების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა დენის  შმიგალმა განაცხადა, რომ ქვეყნის ენერგეტიკული სისტემის ნახევარზე მეტი მწყობრიდანაა გამოსული.

გათბობის გარეშეა დარჩენილი ქვეყნის მილიონობით მოქალაქე, მათ შორის არიან ისეთებიც, რომელთა დასახლებაშიც თოვლი უკვე მოვიდა.

დღე-ღამის განმავლობაში უმეტეს დროს ენერგია არ მიეწოდება დედაქალაქის 70 პროცენტსაც.

დასავლეთ უკრაინაში მდებარე, საბრძოლო მოქმედებებიდან მოშორებული ქალაქი ლვოვი, რომელსაც ენერგია შეფერხებებით მიეწოდება. 

შექმნილ ვითარებაში უკრაინის მთავრობა განიხილავს დიდი ქალაქების, მათ შორის კიევის, მიკოლაევისა და ხერსონის, მოსახლეობის ნაწილის ნებაყოფლობით ევაკუაციას.

რუსი პროპაგანდისტები, მათ შორის მარგარიტა სიმონიანი, ვლადიმერ სალავიოვი და სხვები, უკრაინის მოქალაქეების „გაყინვაზე“ მიანიშნებენ, თუ კიევი წინააღმდეგობის გაწევას არ შეწყვეტს.

იმედის გენერატორები უკრაინისთვის 

ევროკავშირის პარლამენტმა უკრაინის დასახმარებლად წამოიწყო კამპანია, სახელწოდებით „იმედის გენერატორები“, რომელში ჩართვაც ევროკავშირის ქალაქებსა და რეგიონებს შეუძლიათ.

ევროპარლამენტის პრეზიდენტის, რობერტა მეცოლას ინიციატივა ევროპის 200-ზე მეტ დიდ ქალაქს მოიცავს.

კამპანიაში ჩართულმა ქალაქებმა უკრაინისთვის უნდა გაიღონ ენერგოგენერატორები და/ან ტრანსფორმატორები.

გენერატორები, რომელთაც უკრაინაში ამერიკის შეერთებული შტატები აგზავნის

გარდა ამისა, ევროკავშირმა უკრაინას სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში დამატებით გადასცა 500, ხოლო დახმარების პროგრამის ფარგლებში კიდევ 300 ძლიერი გენერატორი.

ჯამში, ზამთრისთვის მოსამზადებლად ბრიუსელმა უკვე გაიღო 1 მილიარდი ევროს დახმარება.

მეგობარმა ქვეყნებმა უკრაინას გენერატორები  უკვე ინდივიდუალურადაც გადასცეს ან უახლოეს მომავალში აპირებენ ამის გაკეთებას. მათ შორისაა ლიეტუვა, დიდი ბრიტანეთი, სამხრეთ კორეა, ჩეხეთი, საფრანგეთი, გერმანია, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, კანადა, ბელგია, ისრაელი და სხვა დასავლური სახელმწიფოები.

რა უნდა გააკეთოს საქართველომ

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ენერგოგენერატორების გაგზავნა „სწორი ნაბიჯი“ იქნებოდა.

„კარგი იქნება, თუ უკრაინაში ვინმე ოფიციალური პირი ამ გენერატორებთან ერთად ჩავა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, და შეეცდება ეს ურთიერთობები გამოასწოროს. ამისთვის ყველაზე ადეკვატური ფიგურა, ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრია.

მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელებისთვის და ურთიერთობების გამოსწორებისთვის სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

ხერსონში მცხოვრები მოქალაქეები ცდილობს მობილურების დატენვას

მისივე განცხადებით, გენერატორების გადაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის გაღიზიანებად“.

„თუ ვინმეს ეშინია, რომ ამით რუსსეთი გაღიზიანდება, არასწორია. ეს აბსოლუტურად უწყინარი, ჰუმანიტარული აქციაა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს გაყინვას უკრაინელი მეგობრები“, – აცხადებს ის.

რას აპირებს მთავრობა

ჯერჯერობით მთავრობის გეგმები ამ მიმართულებით უცნობია.

ნეტგაზეთმა მთავრობის ადმინისტრაციას ჰკითხა, იგეგმებოდა თუ არა უკრაინისთვის გენერატორების გადაცემა, თუმცა პასუხი ჯერჯერობით ვერ მიიღო.

პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

სამოქალაქო ინიციატივა – „გაუზიარე სინათლე“

უკრაინაში გენერატორების გაგზავნის მიზნით საქართველოში უკვე დაიწყო კამპანია, სახელად „გაუზიარე სინათლე“.

კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, შეგროვებული თანხით 100 გენერატორის ყიდვას გეგმავენ, რომელიც ყველაზე დაზარალებული უბნების გასანათებლად გაიგზავნება.

„გვინდა, რომ 12 დეკემბრამდე შემოუერთდნენ ადამიანები ამ კამპანიას, რადგან 25 დეკემბერს უკრაინაში არის შობა და ეს არა მარტო სიმბოლური ამბავია მათთვის, არამედ ზამთრის პიკიცაა.

ყველაზე დიდი მოტივატორი დღეს საკუთარი მაგალითია. ყველას, ვინც მონაწილეობას მიიღებს ამ აქციაში, ვთხოვთ, ამაზე ღიად თქვას, დაწეროს ან გადაიღოს ვიდეო და ატვირთოს ნებისმიერ სოციალურ პლატფორმაზე“, – აცხადებენ კამპანიის ინიციატორები.

მსურველებს თანხის გადარიცხვა შეუძლიათ „თიბისი ბანკის“ ანგარიშზე:

GE07TB7163836070100002

მიმღები – „პოპულუს რეი“. დანიშნულებაში აუცილებლად მიუთითეთ: „შემოწირულობა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი