ახალი ამბები

“ვთხოვთ ელჩს, დაგვეხმაროს” — აქცია სააკაშვილის საკითხზე საფრანგეთის საელჩოსთან

16 დეკემბერი, 2022 • 890
“ვთხოვთ ელჩს, დაგვეხმაროს” — აქცია სააკაშვილის საკითხზე საფრანგეთის საელჩოსთან

თბილისში, საფრანგეთის საელჩოსთან აქცია გაიმართა. როგორც ენმ-ის თავმჯდომარეობის კანდიდატი, აქციის  ინიციატორი გიორგი მუმლაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, ღონისძიებას თხოვნის შინაარსი აქვს. მისი მონაწილეები საფრანგეთის ახალდანიშნულ ელჩს მიხეილ სააკაშვილის საკითხზე მეტ ჩართულობას სთხოვენ.

მუმლაძის თქმით, ხელისუფლებაზე ზეწოლის ყველაზე დიდი ბერკეტი სწორედ საფრანგეთის ხელისუფლებას აქვს, რადგან “საფრანგეთის მოქალაქეა ქვეყნის არაფორმალური მმართველი”:

„ეს არის თხოვნის აქტი. აქ მოვედით იმისთვის, რომ საფრანგეთის ხელისუფლებას ვთხოვოთ, ჩაერთონ და მთელი ბერკეტი გამოიყენონ, რომ არ მოგვიკვდეს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი, რომელიც არის პატიმრობაში. საფრანგეთის მოქალაქეა ქვეყნის არაფორმალური მმართველი ბიძინა ივანიშვილი და ფრანგია სალომე ზურაბიშვილი. ამიტომ ზეწოლის ყველაზე მეტი შესაძლებლობა საფრანგეთს აქვს.

ქალბატონ ელჩს ვთხოვთ, მაქსიმალურად ჩაერთოს ამ საკითხებში და დაგვეხმაროს, გადარჩეს მესამე პრეზიდენტი, ეს ნიშნავს, რომ გადარჩეს საქართველოს დემოკრატიული მომავალი. რაც შეეხება საპროტესტო აქციას, ხვალ, 15 საათზე გაიმართება აქცია პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან“, – ამბობს გიორგი მუმლაძე.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.

საფრანგეთის ახალი ელჩი საქართველოში შერაზ გასრი თბილისში რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდა. ახლად დანიშნულმა ელჩმა პრეზიდენტ ზურაბიშვილს რწმუნებათა სიგელი გუშინ, 15 დეკემბერს გადასცდა, რის შემდეგაც გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი