ახალი ამბები

კვლავ უცნობია, როდის და რამდენ გენერატორს შეიძენს საქართველო უკრაინისთვის

16 დეკემბერი, 2022 • 1662
კვლავ უცნობია, როდის და რამდენ გენერატორს შეიძენს საქართველო უკრაინისთვის

განახლება: 16 დეკემბერი, 15:20

სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ ნეტგაზეთს გამოუგზავნა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანა უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესაძენად 1.5 მილიონ ქართულ ლარს დახარჯავს. 

საქართველო ₾1.5 მილიონს დახარჯავს უკრაინისთვის გენერატორების შესაძენად – სამინისტრო


მას შემდეგ, რაც საქართველოს მთავრობამ უკრაინაში გენერატორების გაგზავნა დააანონსა, 7 დღე გავიდა, თუმცა ამ დროისთვის კვლავ უცნობია, თუ რა თანხა გამოიყოფა გენერატორების შესაძენად ან რამდენი გენერატორის ყიდვაა დაგეგმილი.

ნეტგაზეთი ამ კითხვებზე პასუხის მიღებას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციიდან და ეკონომიკის სამინისტროდან ბოლო ერთი კვირის განმავლობაში პერიოდულად ცდილობდა, თუმცა, უშედეგოდ.

ამ ეტაპზე ასევე უცნობია ისიც, თუ რომელ ქვეყანაში და რა ფორმით გეგმავს სახელმწიფო აღნიშნული ენერგოგენერატორების შესყიდვას.

გამოცემა უწყებებიდან პასუხს კვლავაც ელოდება. ამგვარი პასუხების მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

რა ხდებოდა 9 დეკემბრამდე

„ნეტგაზეთმა“ უკრაინაში გასაგზავნი გენერატორების შესახებ პირველი სტატია, სახელწოდებით „რატომ უნდა დაეხმაროს თბილისი კიევს გენერატორებით“, 29 ნოემბერს გამოაქვეყნა.

მოგვიანებით, 5 დეკემბერს, უკრაინის ელჩის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა ანდრეი კასიანოვმა განაცხადა, რომ უკრაინულმა მხარემ საქართველოს მთავრობას მსგავსი დახმარების თხოვნით 1 თვის წინ მიმართა, თუმცა დადებითი პასუხი არ ჰქონდა მიღებული.

კასიანოვის განცხადებას 8 დეკემბერს მოჰყვა კრიტიკა სახელისუფლებო გუნდიდან, რა დროსაც ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ უკრაინელი დიპლომატის ქცევა არღვევდა დიპლომატიურ ეტიკეტს.

„შეხვდეს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს და იქ გაარკვიოს ასეთი საკითხები. ელემენტარული დიპლომატიური ეტიკეტის ამბავია“, – აცხადებდა ირაკლი კობახიძე.

ირაკლი კობახიძის განცხადებითვე, საქართველო არ აწარმოებდა იმ სიმძლავრის გენერატორებს, რომელთაც უკრაინა ითხოვდა, თუმცა არ გამორიცხა, რომ საქართველოს შეეძლო ამგვარი საქონელი უცხო ქვეყანაში შეეძინა და ამ წესით უკრაინისთვის გადაეცა.

უკვე 9 დეკემბერს კი მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, რევაზ ჯაველიძემ განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტრო უკრაინაში გასაგზავნ გენერატორებს შეიძენდა.

რუსეთის რეაქცია გენერატორების გაგზავნაზე 

უკრაინას გენერატორები არაერთმა სახელმწიფომ, მათ შორის აზერბაიჯანმაც გაუგზავნა.

როგორც წესი, რუსეთი თავს არ იწუხებს დასავლური სახელმწიფოების მიერ უკრაინისთვის გაგზავნილი ჰუმანიტარული დახმარების კრიტიკისთვის, მაგრამ აზერბაიჯანის შემთხვევაში კრემლში განაცხადეს, რომ „ბაქოს მიერ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა გასაკვირი იყო“. ამ ინფორმაციას რუსეთის სამთავრობო საინფორმაციო სააგენტო ТАСС საგარეო საქმეთა სამინისტროში წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

„ბაქოს მხრიდან ასეთი ნაბიჯი გასაკვირია. რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეცოპერაციის ფარგლებში ანადგურებენ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, რომელსაც კიევის რეჟიმი სამხედრო საჭიროებისთვის იყენებს. აზერბაიჯანულ მარაგს, რომელმაც ნაკლებად სავარაუდოა, რომ ფუნდამენტურად შეცვალოს სიტუაცია, ჰუმანიტარული დახმარება ნაკლებად ეწოდება“, — გამოცემის თანახმად აცხადებს სამთავრობო წყარო.

აზერბაიჯანმა უკრაინას 50 გენერატორი და 45 ტრანსფორმატორი გაუგზავნა, ტვირთის საერთო ღირებულება კი დაახლოებით 800 000 აშშ დოლარი იყო.

რატომ სჭირდება უკრაინას გენერატორები

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, რუსეთმა უკრაინაში  თავდასხმები დაიწყო კრიტიკულ სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ენერგიის გადამცემ ხაზებზე, ელექტროსადგურებსა და ქვესადგურებზე.

მიზანი ყინვის დროს ქვეყანაში ენერგეტიკული სფეროს კოლაფსი და ამ გზით მოსახლეობის შანტაჟია, რათა უკრაინამ წინააღმდეგობა შეწყვიტოს.

ჰუმანიტარული კატასტროფის აშკარა საფრთხის წინაშე მყოფ უკრაინას პარტნიორები გენერატორებსა და ტრანსფორმატორებს აწვდიან.

ჩაბნელებული ლვოვი

უკრაინაში საქართველოს ყოფილი ელჩის ვალერი ჩეჩელაშვილის განცხადებით, შექმნილ ვითარებაში საქართველოს მთავრობის მიერ უკრაინისთვის ენერგოგენერატორების გაგზავნა „სწორი ნაბიჯი“ იქნებოდა.

„კარგი იქნება, თუ უკრაინაში ვინმე ოფიციალური პირი ამ გენერატორებთან ერთად ჩავა, მაგალითად, საგარეო საქმეთა მინისტრი, და შეეცდება ეს ურთიერთობები გამოასწოროს. ამისთვის ყველაზე ადეკვატური ფიგურა, ჩემი აზრით, საგარეო საქმეთა მინისტრია.

მე მოვუწოდებ ჩვენს მთავრობას, რომ ეს გააკეთოს, რადგან ეს იქნებოდა მნიშვნელოვანი დახმარება უკრაინელებისთვის და ურთიერთობების გამოსწორებისთვის სწორი ნაბიჯი“, – აცხადებს ვალერი ჩეჩელაშვილი ნეტგაზეთთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, გენერატორების გადაცემა არ შეიძლება ჩაითვალოს „რუსეთის გაღიზიანებად“.

„თუ ვინმეს ეშინია, რომ ამით რუსეთი გაღიზიანდება, არასწორია. ეს აბსოლუტურად უწყინარი, ჰუმანიტარული აქციაა, რომელმაც უნდა გადაარჩინოს გაყინვას უკრაინელი მეგობრები“, – აცხადებს ის.

სამოქალაქო ინიციატივა 

სამოქალაქო კამპანიის “გაუზიარე სინათლე” ფარგლებში შეგროვებული თანხით საქართველოდან უკრაინაში მიმდინარე კვირაში 394 მცირე გენერატორი გაიგზავნება.

კამპანიის ორგანიზატორების თანახმად, გენერატორების საერთო სიმძლავრე სამი საშუალო ზომის სოფლის გასანათებლად საკმარისია. მათ შორის არის 160 კილოვატის და 136 კილოვატის სიმძლავრის გენერატორები, რომლითაც კიევის ოლქის ორი ქალაქის – ბიორკას და პერეასლოვ-ხმელნიცკის წყალმომარაგებას უზრუნველყოფენ.

კამპანიაში მონაწილეობა საქართველოს 4 056-მა მოქალაქემ და 34-მა ბიზნესმა მიიღო. კამპანიის ორგანიზატორების განცხადებით, კამპანიის დაწყებიდან ორ კვირაში ნახევარ მილიონ ლარამდე შეგროვდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი