ბოსნია და ჰერცეგოვინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. აღნიშნული გადაწყვეტილება დღეს, 15 დეკემბერს, ევროპულმა საბჭომ მიიღო.
როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა განაცხადა, კანდიდატის სტატუსის მინიჭება ძლიერი სიგნალია ბოსნია და ჰერცეგოვინის ხალხისთვის, თუმცა ასევე არსებობს ხელისუფლებისგან რეფორმების გატარების მოლოდინი.
„დასავლეთ ბალკანეთის მომავალი ევროკავშირშია“, – დაწერა შარლ მიშელმა ტვიტერზე.
ევროპული საბჭოს დღევანდელი გადაწყვეტილების შემდეგ ბოსნია და ჰერცეგოვინა გახდა მერვე ქვეყანა, რომელსაც ამჟამად ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი აქვს. კანდიდატის სტატუსი აქვს ასევე: უკრაინას, მოლდოვას, თურქეთს, სერბეთს, ალბანეთს, ჩრდილოეთ მაკედონიასა და მონტენეგროს.
რაც შეეხება საქართველოს, ის პოტენციურ კანდიდატად რჩება კოსოვოსთან ერთად, რომლის დამოუკიდებლობასაც ევროკავშირის წევრი სახელმწიფოთა ნაწილი არ აღიარებს.
ბოსნია და ჰერცეგოვინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას წინ უძღოდა ოქტომბერში ევროკომისიის გადაწყვეტილება, რომ ქვეყანისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 14 პირობის თანხლებით უჭერდა, რომლებიც მოიცავს რეფორმებს დემოკრატიის, სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირების, კანონის უზენაესობის, კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის, მედიის თავისუფლების, მიგრაციის კონტროლისა და სხვა სფეროებში.
აქამდე, მრავალი წლის განმავლობაში, ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის პოტენციური კანდიდატი იყო.