სამართალი

სასამართლომ საააკაშვილზე ინსპექტორის გადაწყვეტილება პენიტენციურის წინააღმდეგაც გააუქმა

17 იანვარი, 2022 • 1171
სასამართლომ საააკაშვილზე ინსპექტორის გადაწყვეტილება პენიტენციურის წინააღმდეგაც გააუქმა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება – სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ავრცელებს.

კერძოდ, დღეს, 17 იანვარს, საქალაქო სასამართლომ  სახელმწიფო ინსპექტორის მიერ სპეციალური პენიტენციური სამსახურის დაჯარიმების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება სრულად გააუქმა.

აღნიშნულს წინ უძღვოდა თბილისის საქალაქო სასამართლოს  11 იანვრის კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომლითაც სასამართლომ, ასევე, სრულად გააუქმა სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილება – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა საქართველოს იუსტიციის სამინისტრო და სპეციალური პენიტენციური სამსახური, 2021 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით, სამართალდამრღვევად ცნო საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების არაკანონიერი გასაჯაროებისთვის.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო ცნობილ იქნა სამართალდამრღვევად „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით (მონაცემთა დამუშავების პრინციპების დარღვევა) გათვალისწინებული ორი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახური- ამავე მუხლით გათვალისწინებული ექვსი ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის, რისთვისაც მათ დაეკისრათ ჯარიმა და დაევალათ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდებსა და ოფიციალურ ვებგვერდზე გასაჯაროებული მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლა.

სპეციალური პენიტენციური სამსხურის მიერ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს გასაჩივრდა, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერის და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა.

სახელმწიფო ინსპექტორის განცხადებით, სამსახურის გადაწყვეტილება ყველა ეპიზოდის მიმართ იყო დასაბუთებული, ეფუძნებოდა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და პერსონალურ მონაცემთა მარეგულირებელ შიდა კანონმდებლობას და საერთაშორისო სტანდარტებს.

მათი განცხადებით, სასამართლოს მიერ სახელმწიფო ინსპექტორის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულად გაუქმება ადგენს საშიშ პრეცედენტს და სტანდარტს პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი პირების უფლებების დაცვის, ასევე, საჯარო სექტორში მონაცემთა დაცვის თვალსაზრისით და მნიშვნელოვნად აზიანებს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას.

„მას შემდეგ, რაც სამსახურს სასამართლოს მიერ გადმოეცემა დასაბუთებული გადაწყვეტილებები, სადაც მითითებული იქნება სახელმწიფო ინსპექტორის გადაწყვეტილების სრულად გაუქმების კონკრეტული მიზეზები, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს ზემდგომ სასამართლო ინსტანციაში გაასაჩივრებს.

იმედს ვიტოვებთ, სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებები სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ჩაბარდება შემჭიდროებულ ვადებში, რათა შესაძლებელი გახდეს 2022 წლის 01 მარტამდე (სამსახურის გაუქმებამდე) მათი გასაჩივრება და სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი განხილვა“, – აცხადებს სახელმწიფო ისნპექტორის სამსახური.

სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო ინსპექტორი ლონდა თოლორაია და განაცხადა, რომ საჯარო ინტერესით ყველაფერი არ მართლდება.

„ხვალ და ზეგ თუ რომელიმე ჩვენგანის პირადი ცხოვრების მიმართ იქნება საჯარო ინტერესი, ალბათ, ამის გასაჯაროებაც კანონიერად იქნება ცნობილი.
P. S. სიმართლე გითხრათ, იმედი მქონდა, ,,სამართლიანობის ელფერისთვის” ნაწილობრივ მაინც დატოვებდნენ ძალაში, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან პრინციპული იყო სამსახურის ამ გადაწყვეტილების გაუქმებით ადამიანის უფლებების უგულებელყოფა“, – განაცხადა ლონდა თოლორაიამ.

საქალაქო სასამართლომ სააკაშვილზე სახ.ინპესქტორის გადაწყვეტილება გააუქმა

მასალების გადაბეჭდვის წესი