ახალი ამბები

ვერდიქტია “ოცნებისთვის” – სამადაშვილი ევროპარლამენტის დებატებზე

14 დეკემბერი, 2022 • 549
ვერდიქტია “ოცნებისთვის” – სამადაშვილი ევროპარლამენტის დებატებზე

“ლელოს” წევრი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში საქართველოზე გამართული დებატები “ქართული ოცნების” ვერდიქტია.

მისი თქმით, ეს ნიშნავს, რომ “ქართული ოცნების” ხელისუფლების პირობებში საქართველო არათუ ვერ მიიღებს კანდიდატის სტატუსს, არამედ, უფრო იზოლირებული იქნება ევროკავშირისგან და დასავლეთისგან.

“ეს არის ვერდიქტი “ქართული ოცნებისთვის” და ბიძინა ივანიშვილისთვის. საზოგადოებამ კარგად დაინახა, რომ “ქართულ ოცნებას” ევროკავშირში არცერთი მოკავშირე არ ჰყავს. მათ შორის, საკუთარ პარტნიორ პარტიაშიც კი არავის არ აქვს შესაძლებლობა, რომ ისაუბრონ რაიმე ხელშესახებ პროგრესზე.

თუმცა მოვისმინეთ ძალიან ბევრი საუბარი პრობლემებზე, რომელიც ქვეყნის წინაშე დგას, როგორც პოლიტიზირებული მართლმსაჯულება, მათ შორის სააკაშვილის, გვარამიას საქმე და არამხოლოდ… ჩვენ გვითხრეს, რომ მოთხოვნების შესრულება არ მიმდინარეობს [შესბამისი] ტემპით და საერთოდ პროგრესი ამ კუთხით არ არის”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.


ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი. აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ, 13 დეკემბერს დებატებიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი