ახალი ამბები

„შერეკილებში“ არის კარგი ფრაზა, ნუ იცით ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“ — ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრს

14 დეკემბერი, 2022 • 11978
„შერეკილებში“ არის კარგი ფრაზა, ნუ იცით ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“ — ხაჭაპურიძე იუსტიციის მინისტრს

ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე მზადყოფნას გამოთქვამს, თავად გამოაქვეყნოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ამსახველი ვიდეოკადრები, თუ ისინი დაცვის მხარეს გადაეცემა.

იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ 13 დეკემბერს განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის მხრიდან ადგილი აქვს ექიმების საქმიანობისთვის „ხელის შეშლას”, „გარკვეულ სიმულაციებს” და თუ ეს არ შეწყდება, სახელმწიფო იძულებული გახდება, კადრები გაასაჯაროოს.

დღეს, 14 დეკემბრის სასამართლო პროცესზე სააკაშვილის ადვოკატმა მოითხოვა, პენიტენციურმა სამსახურმა დაცვის მხარეს გადასცეს მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით 2021-წლის 1 ოქტომბრიდან 2022 წლის 14 დეკემბრის ჩათვლით სამსახურში დაცული ყველა ვიდეოჩანაწერი. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

„იუსტიციის სამინისტრო არის ჩამოშლილი და ლაპარაკობენ რაღაც კადრების გამოქვეყნებაზე. ჩვენ მოვითხოვეთ ეს კადრები მაგათზე ადრე და ჩვენ გამოვაქვეყნებთ, თუ ასეთი სურვილი აქვთ. „შერეკილებში“ არის ასეთი კარგი [ფრაზა]: „ნუ იციან ამ ბრეგაძეებმა სულელური ლაპარაკი“. [ნუ იცით, თქვენ, ბრეგვაძეებმა ასე სულელური ლაპარაკი“, — ფილმიდან „შერეკილები“] ჩვენ თვითონ ვითხოვთ, კადრები მოგვეცით-მეთქი. გაასაჯაროოს, თუ რამის გასაჯაროება უნდა, დაგვანებოს ერთი თავი, რას იმუქრება“, — განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

მისი თქმით, სამარცხვინოა პენიტენციური სამსახურის განცხადება, რომ 21-ე საუკუნეში ორი კილომეტრის დაშორებით მყოფი პატიმრის დისტანციურად ჩართვა სასამართლო პროცესზე ტექნიკურად ვერ მოხერხდა.

„მე დღეს იუსტიციის მინისტრის ადგილზე გადავდგებოდი, შემრცხვებოდა და წავიდოდი, ტაქსის მძღოლად გავაგრძელებდი მუშაობას. ქუთაისელია და იტაქსაოს, [იქ] საცობები არ არის“, — დასძინა შალვა ხაჭაპურიძემ.

მიხეილ სააკაშვილს დღესაც არ მიეცა სასამართლო პროცესზე დასწრების საშუალება. „ვივამედის“ ექიმების მიერ სასამართლოსთვის წარდგენილი წერილის თანახმად, პაციენტის ტრანსპორტირება, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არ არის. რაც შეეხება დისტანციურად ჩართვას, პენიტენციურმა სამსახურმა განაცხადა, რომ ამისთვის საჭირო ტექნიკური საშუალებები არ აქვს.

პენიტენციურმა პროცესზე სააკაშვილის დისტანციურ ჩართვაზეც უარი თქვა

მასალების გადაბეჭდვის წესი