თბილისის საქალაქო სასამართლოში ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების საქმეზე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.
წინა პროცესზე მოსამართლე გიორგი არევაძემ მოითხოვა სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა, თუ კლინიკა მისი ტრანსპორტირების რეკომენდაციას კვლავ არ გასცემდა.
„მოთხოვნაში დაფიქსირებული მქონდა, რომ უნდა წარმოედგინათ მსჯავრდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, მომხდარიყო მისი დისტანციურად ჩართვა. ცოტა ხნის წინ შემოვიდა ბატონი ნიკა აბრამიშვილის წერილი [პენიტენციური სამსახური], რომ დღეის მდგომარეობით სპეციალური პენიტენციური სამსახური მოკლებულია შესაძლებლობას, უზრუნველყოს მსჯავრდებულ სააკაშვილის დისტანციურად ჩართვა. ასევე, მოგვაწოდეს წერილი „ვივამედიდან“ — ექიმი არ მიიჩნევს მიზანშეწონილად მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირებას მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე“, — განაცხადა მოსამართლე არევაძემ.
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ თქვა, რომ სასამართლო პროცესებზე მუდმივად ხდება ადვოკატების თუ პროკურორების ჩართვა ნებისმიერი ადგილიდან: მანქანიდან, ქუჩიდან… ის დაინტერესდა, რატომ ვერ ვერ მოხდა სააკაშვილსი ჩართვა.
„შესაბამის ტექნიკურ საშუალებებს სჭირდება შესაბამისად გამართვა. ამ ეტაპზე კლინიკა „ვივამედში“ პენიტენციურ სამსახურს არ აქვს შესაბამისი ტექნიკური მიოწყობილობები და სწორედ ამ მიზეზიდან გამომდინარ ვერ მოხდა ჩართვა“, — განაცხადა პენიტენციური სამსახურის წარმომადგენელმა ნიკა აბრამიშვილმა.
ნიკა აბრამიშვილმა პროცესზე, ასევე, განაცხადა, რომ სასამართლო პროცესზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაციის შესასწავლად და პოზიციის წარმოსადგენად პენიტენციურ სამსახურს 1 თვე სჭირდება.