ახალი ამბები

ევროპარლამენტის დებატები დაცლილი იყო ევროპისგან – პაპუაშვილი

14 დეკემბერი, 2022 • 706
ევროპარლამენტის დებატები დაცლილი იყო ევროპისგან – პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართული დებატები ევროპისგან დაცლილი იყო.

მისი თქმით, ევროპარლამენტში არის პარლამენტართა ჯგუფი, რომლებიც არა საქართველოს, არამედ მიხეილ სააკაშვილის მეგობრები არიან.

“ევროპარლამენტში ვიხილეთ დებატები, რომელიც დაცლილი იყო ევროპისაგან, რადგან ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყოს იმისთვის, რომ გავრცელებულიყო დეზინფორმაცია, თითქოს საქართველოში არის ოლიგარქიული მმართველობა, ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ გავრცელებულიყო პროპაგანდა, თითქოს საქართველოში ხელისუფლება არის მიტაცებული და ევროპარლამენტის ტრიბუნა გამოყენებული იყო იმისთვის, რომ პირდაპირი შეტევა განხორციელებულიყო დემოკრატიულად არჩეულ ხელისუფლებაზე. ეს არის, რაც ჩვენ ვიხილეთ და სამწუხარო სანახავია“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ევროპარლამენტარების ნაწილი საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაციას ავრცელებს და ამით ახალისებს საქართველოში რადიკალურ ჯგუფებს.

“ამ დებატებში მონაწილე ზოგიერთი გამომსვლელის სიტყვაში არის კლასიკური მაგალითი ფარისევლობისა, როდესაც საუბრობ პოლარიაზაციაზე და სწორედ შენი გამოსვლით საქართველოში აღვივებ რადიკალიზმს, აძლევ ახალ ენერგიას და ამით ხელს უწყობ პოლარიზაციას. ეს არის მთავარი პრობლემა”, – განაცხადა პაპუაშვილმა და დასძინა, რომ საქართველოს პრობლემა არა პოლარიზაცია, არამედ რადიკალიზაციაა.


ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ. ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი. აღნიშნულ საკითხზე ევროპარლამენტში გუშინ, 13 დეკემბერს დებატებიც გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი