ახალი ამბები

ევროპარლამენტში “ოცნების” პარტნიორი ჯგუფის წევრი სააკაშვილის მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

14 დეკემბერი, 2022 • 678
ევროპარლამენტში “ოცნების” პარტნიორი ჯგუფის წევრი სააკაშვილის მკურნალობის აუცილებლობაზე საუბრობს

ევროპარლამენტში “ქართული ოცნების” პარტნიორი პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელი საუბრობს პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის აუცილებლობაზე.

იუოზას ოლეკასმა, რომელიც “სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესულ ალიანსს” წარმოადგენს, ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატებისას ასევე გაუსვა ხაზი ევროკომისიის 12 პირობის შესრულების აუცილებლობას, რათა ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს.

“საქართველო მნიშვნელოვანი პარტნიორია. ქართველმა ხალხმა უკვე აჩვენა, რომ მათ სურთ ევროპული გზა. როგორც კომისარმა თქვა, თამასა მაღალია: ჩვენ ველით საქართველოსგან 12 რეკომენდაციის შესრულებას. ვხედავთ, რომ გარკვეული პროგრესია კორუფციასთან ბრძოლაში, ისევე როგორც დიგიტალიზაციის მიმართულებით.

მიუხედავად ამისა, როცა საქმე ეხება კანონის უზენაესობას, დემოკრატიას, პრესის თავისუფლებას, ისინი ჯერაც არ არიან იქ, სადაც ჩვენ გვინდა, რომ იყვნენ”, — დასძინა მან, სააკაშვილზე საუბრისას კი აღნიშნა:

“ჰუმანიტარული მიზეზების გამო, გვინდა, სასწრაფოდ დავინახოთ ყოფილი პრეზიდენტისთვის, სააკაშვილისთვის სამედიცინო დახმარების გაწევა”.

“ქართულ საზოგადოებას სჭირდება, გააძლიეროს თავისი ძალისხმევა. მე ვთხოვ კომისიას, დაეხმაროს მათ ამაში”, — დასძინა ევროპარლამენტარმა სიტყვის დასასრულს.

ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ევროპარლამენტის რეზოლუცია, რომელსაც 14 დეკემბერს ეყრება კენჭი, მოუწოდებს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნებით გათავისუფლებისკენ.

ამ რეკომენდაციას იზიარებს ევროპარლამენტში წარმოდგენილი თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია, „ქართული ოცნების“ პარტნიორი სოციალისტების ჯგუფის ჩათვლით, რომელსაც წარმოადგენს მომხსენებელი საქართველოს საკითხზე და ასოცირების შეთანხმების შესრულებაზე ანგარიშის ავტორი სვენ მიკსერი.


პატიმრობაში მყოფი ექსპრეზიდენტი რუსთავის ციხიდან კლინიკა „ვივამედში“ სამკურნალოდ 12 მაისს გადაიყვანეს მას შემდეგ, რაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

სააკაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატები აცხადებენ, რომ საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელია და სამკურნალოდ მის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება. (კახექსია — ორგანიზმის გამოფიტვა, დაუძლურება)

ხვალ, 14 დეკემბერს, სასამართლო პროცესია ჩანიშნული, რომელზეც მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა იმსჯელონ.

წინა სხდომა, რომელიც 9 დეკემბერს უნდა გამართულიყო, გადაიდო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი