ევროპარლამენტარი რასა იუკნევიჩიანე (EPP) აცხადებს, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, რომელსაც ძალით მოწყვიტა საბჭოთა რუსეთმა.
„დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო იქნება ევროკავშირის წევრი. ქართველი ხალხი იმსახურებს ამას. მე ასევე დარწმუნებული ვარ, გაფართოება გააძლიერებს ევროკავშირს, მისი უსაფრთხოების ჩათვლით. თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ბიძინა ივანიშვილს, რომელსაც მძევლად ჰყავს საქართველო აყვანილი, იგივე მიზანი აქვს, რაც ქართველ ხალხს. საქართველოს ხელისუფლებამ კარგად იცის, რაც უნდა გააკეთოს — ყველაფერი წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში და მათ უნდა შეასრულონ ისინი მანიპულაციის და თვალთმაქცობის გარეშე“, — განაცხადა იუკნევიჩიანემ ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის ანგარიშს განიხილავენ.
სერიოზულად დაავადებული ყოფილი პრეზიდენტის პატიმრობა, იუკნევიჩიანეს თქმით, ევროპული ფასეულობა არ არის და ადამიანების წამება პუტინის პოლიტიკაა. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას, პრეზიდენტის ჩათვლით, ყველაფერი გააკეთონ, რომ პასუხისმგებელნი არ გახდნენ სააკაშვილის სიცოცხლეზე.