ახალი ამბები

ამ 2 საკითხის გადაჭრის გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს — ევროპარლამენტარი

14 დეკემბერი, 2022 • 766
ამ 2 საკითხის გადაჭრის გარეშე საქართველოს კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიენიჭოს — ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი ადამ ბეილანი მიიჩნევს, რომ რუსეთის მოქმედებების ფონზე ევროკავშირის მხრიდან საქართველოსადმი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, თუმცა ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი არ უნდა მიიღოს გარკვეული საკითხების აღმოფხვრის გარეშე.

ევროპარლამენტში “ევროპის კონსერვატორებისა და რეფორმისტების” ჯგუფის წევრმა აღნიშნულის შესახებ ისაუბრა  საქართველოსთან დაკავშირებით მიმდინარე დებატების დროს. ბეილანმა ახსენა მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის საკითხი და რუსული პროპაგანდა.

“უკრაინის წინააღმდეგ კრემლის მიერ წარმოებული არალეგალური ომის გათვალისწინებით, ევროპარლამენტის ჩართვა და საქართველოსადმი მხარდაჭერა კიდევ უფრო გადამწყვეტი გახდა საქართველოსა და რეგიონის სტაბილურობისთვის.

საქართველო არის აღმოსავლეთ პარტნიორობის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და რჩება ევროკავშირის საკვანძო პარტნიორად”, — დასძინა ევროპარლამენტარმა და იქვე დაამატა:

“თუმცა მინდა ხაზი გავუსვა ჩვენი ერთობლივი მუშაობის რამდენიმე მოკლე და გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც ჯერაც მისაღწევია.

პირველი: ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის არაადამიანური დაკავება უნდა დასრულდეს, როგორც პოლიტიკური დაშოშმინების ნიშანი. ბატონი სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა რამდენჯერმე გახმიანდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება მაიძულებს, განვაახლო ეს მოთხოვნა. მას რაც შეიძლება მალე უნდა უმკურნალონ საზღვარგარეთ.

მეორე: რუსული პროპაგანდა და დეზინფორმაციული კამპანია საქართველოში სწრაფად ვრცელდება და პოლიტიკურად გამოიყენება.

ეს ორი საკითხი მიუღებელია კანდიდატი ქვეყნისთვის, განსაკუთრებით ამჟამინდელ კონტექსტში, და დაუყოვნებლივ უნდა მოგვარდეს. მათი გადაჭრის გარეშე საქართველოს არ უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი”.

გარეკანის ფოტო: ადამ ბიელანი. PAP/Radek Pietruszka

მასალების გადაბეჭდვის წესი