ახალი ამბები

ქაცარავა პარლამენტში ღუდუშაურთან შეხვედრას ითხოვს ქართველ მებრძოლებზე ნათქვამის გამო

13 დეკემბერი, 2022 • 635
ქაცარავა პარლამენტში ღუდუშაურთან შეხვედრას ითხოვს ქართველ მებრძოლებზე ნათქვამის გამო

„ანტისაოკუპაციო მოძრაობის“ ლიდერი დავით ქაცარავა პარლამენტში მივიდა და აცხადებს, რომ სურს, დეპუტატ ალუდა ღუდუშაურს „რამდენიმე საკითხი აუხსნას“ უკრაინაში მებრძოლ ქართველებთან დაკავშირებით.

8 დეკემბერს დეპუტატმა ღუდუშაურმა თქვა, რომ არიან ადამიანები, რომლებიც უკრაინაში საქართველოდან „ფულის სანაცვლოდ“ მიდიან.

მან ამ კონტექსტში ახსენა ჭაბუა ამირეჯის რომანის, „დათა თუთაშხიას“ ერთ-ერთი პერსონაჟი, კიკუ და თქვა: „კიკუ კი არ არის მთავარი, ვინც მას კიკუდ აქცევს, ის არის მთავარი, ფულის სანაცვლოდ არ უნდა გააკეთებინო ეგ“.

დავით ქაცარავა, – რომელიც აქამდე საზღვარგარეთ იმყოფებოდა, – 13 დეკემბერს პარლამენტის შენობაში მივიდა და ღუდუშაურს მოუწოდებს, შეხვდეს:

„გესტუმრეთ მარტო, მიუხედავად იმისა, რომ უამრავ ადამიანს უნდოდა ჩემთან ერთად აქ მოსვლა… ვცდილობ, გადავლახო ბიუროკრატიული ბარიერები, რათა შევძლო თქვენი ნახვა და რამდენიმე საკითხის ახსნა, კერძოდ კი ის, რომ უკრაინაში რუსეთთან სამკვდრო-საციცოხლო ბრძოლაში მყოფი უკლებლივ ყველა ჩვენი მოქალაქე, რიგითი ჯარისკაცი იქნება ეს თუ მეთაური, ყველა გმირია. აქ ვარ და თუ თქვენ მოიცლით ჩემთვის, ამ ყველაფერს მარტივად აგიხსნით“, – მიმართავს ქაცარავა ღუდუშაურს.

„თუ ჩემთვის დაუძლეველი აღმოჩნდება ეს ბიუროკრატიული კედელი, მაშინ რა გაეწყობა, დაველოდები შემდეგ შანსს, ცხოვრება ამ შანსს მაჩუქებს, დარწმუნებული ვარ. ბოდიშის მოხდა კი ნამდვილად არ ტეხავს“, – ამბობს ქაცარავა.

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ ქართველი მებრძოლების ნაწილი უკრაინაში არა „ენთუზიაზმით და იდეისთვის“, არამედ ფულის სანაცვლოდ იბრძვის.

მათი თქმით,  ისინი უკრაინაში „ნაციონალურ მოძრაობას“ „მიჰყავს“, „ქართული ლეგიონი“ კი ფულს სთავაზობს.

„ქართული ლეგიონის“ დამფუძნებლის, მამუკა მამულაშვილის განცხადებით, „ქართული ოცნების“ ბოლოდროინდელი განცხადებები გამოწვეულია უკრაინაში „ქართული ლეგიონის“ წარმატებით, რადგან მამულაშვილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა მმართველი პარტია ამ განცხადებებით რუსეთის დავალებას ასრულებდეს.

„ალბათ რუსეთმა მოითხოვა, რომ რამენაირად შეეჩერებინათ ქართველების რეკრუტირება“, – თქვა მან.

გირჩევთ ასევე:

მასალების გადაბეჭდვის წესი