ახალი ამბები

დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს

7 ოქტომბერი, 2024 •
დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პარტია „ჩვენ“ დატოვეს

დავით ქაცარავამ, აკია ბარბაქაძემ და კახა გოგიძემ პოლიტიკური მოძრაობა „ჩვენ“ დატოვეს. ამის შესახებ დავით ქაცარავა სოციალურ ქსელში წერს და ამ გადაწყვეტილებას ასაბუთებს გაერთიანების სხვა წევრებთან ხედვებისა და ჩართულობის ფორმებზე შეუთანხმებლობით.

„გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და, რაც მთავარია, სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ“, — წერს ქაცარავა.

გაერთიანება „ჩვენ“ ორი თვის წინ, აგვისტოში შეიქმნა და არჩევნებში მონაწილეობას 23 ნომრით იღებს. გაერთიანებაში შედიან პარტია  “თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა”, ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, საზოგადოებრივი მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის” და საზოგადოებრივ მოძრაობა “რუსთაველის გზა”.

„ჩვენ ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით ქოცურ რეჟიმს! მოქალაქეები, ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში. ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!“ — წერს ქაცარავა.

მასალების გადაბეჭდვის წესი