საზოგადოება

სასამართლომ სასტიკად ნაცემი ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა

23 ივლისი, 2024 •
სასამართლომ სასტიკად ნაცემი ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ კობა ჩაგუნავამ აქციაზე სასტიკად ნაცემი დავით ქაცარავა 2 ათასი ლარით დააჯარიმა.

გადაწყვეტილება ნაცემი ქაცარავას დაჯარიმების შესახებ მოსამართლემ დღეს, 23 ივლისს გამოაცხადა.

დავით ქაცარავას, რომელსაც რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სავარაუდოდ, სამართალდამცველებმა სცემეს, შსს პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობასა და წვრილმან ხულიგნობას ედავებოდა, რასაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლები ითვალისწინებს.

„166-ე მუხლის ნაწილთან დაკავშირებით სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომელიც ეხება წვრილმანი ხულიგნობის ფაქტობრივ მოცემულებას, რაც გვაქვს კანონმდებლობაში მტკიცების სტანდარტის კუთხით, საქმეში არსბეულ სხვა მტკიცებულებებთან თანმიმდევრულ ხასიათს არ ატარებს. ამ თვალსაზრისით სასამართლო წყვეტს წარმოებას.

რაც შეეხება 173-ე მუხლს, მე კადრებიც მაქვს და უშალოდ ბატონი დავითის ახსნა-განმარტებაც მოვისმინე პირველ პროცესზე, რომ მათ შორის მიმართავს სპეცდანიშნულების რაზმის წარმომადგენლებს, ეუბნება, რომ ისინი ემსახურებიან რუსულ ხელისუფლებას, არიან რუსული რეჟიმის მსახურები და ა.შ. რაც ბუნებრივია, იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენი ქვეყნის მოცემულობა ვიცით, და პირებისთვის, რომლებიც ემსახურებიან საქართველოს და საქართველოს ინტერესების დაცვას და იბრძოდნენ კიდეც ჩვენი ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით, ეს მიმართვა წარმოადგენს იმგვარ ქმედებებას, რომელიც შეურაცხმყოფელ ხასიათს ატარებს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მიმართ“, — ასე დაასაბუთა მოსამართლემ თავისი გადაწყვეტილება.

მოსამართლემ 166-ე მუხლთან დაკავშირებით წარმოება შეწყვიტა, ხოლო ქაცარავა სამართალდამრღვევად ცნო 173-ე მუხლის ნაწილში (წვრილმანი ხულიგნობა). 2-ათასლარიანი ჯარიმის გარდა, სანქციის სახით მას ჩამოერთვა იარაღის ფლობის უფლება 2 წლის ვადით.

5 ივლისს გამართულ სასამართლო სხდომაზე ორი პოლიციელი მოწმის სახით გამოიკითხა, ერთ-ერთი მათგანი ბიძინა ჟამერაშვილია, რომელმაც ქაცარავას დაკავება გააფორმა, მეორე კი, მისი მეწყვილე გაიოზ იკოშვილი, რომელიც დავით ქაცარავას დაკავებისას მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა.

დავით ქაცარავას სპეცრაზმელები ფიზიკურად რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე გაუსწორდნენ, მას მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული სახის არეში.

პოლიციელებმა სასამართლოში განაცხადეს, რომ 14 მაისს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე, პირველი გიმნაზიის მიმდებარედ, დავით ქაცარავასგან დაახლოებით 5-10 მეტრში იმყოფებოდნენ. ორივე მათგანმა სასამართლოში თქვა, რომ ქაცარავა პოლიციელებს არ აგინებდა, თუმცა მათ მონებს უწოდებდა, რასაც თავად დავით ქაცარავა უარყოფს და არც მედიასაშუალებების მიერ გადაღებული კადრებით დასტურდება.

ბიძინა ჟამერაშვილმა გამოკითხვისას განაცხადა, რომ ქაცარავა სპეცრაზმის თანამშრომლებს „რუსეთის მონებს“ ეძახდა, რის გამოც განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებმა თავი შეურაცხყოფილად იგრძნეს, რადგანაც პოლიციელის თქმით, მათი ნაწილი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში იღებდა მონაწილეობას. გინებას კი ქაცარავას ედავებიან არა პოლიციელების მიმართ, არამედ „კანონის მისამართით“.

ორივე პოლიციელმა სასამართლოზე აღნიშნა, რომ დავით ქაცარავა მათ არ დაუკავებიათ და ამბობენ, რომ დაკავება სპეცრაზმის თანამშრომლების მხრიდან მოხდა, რის შემდეგაც დაკავებული მათ მანქანაში ჩასვეს, საიდანაც უკვე მათ წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.  გამოკითხვისას პოლიციელები ამბობენ, რომ დაკავებამდე ქაცარავას დაზიანებები არ აღენიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ქაცარავა 14 მაისს გამართულ აქციაზე დააკავეს, სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისსაა შედგენილი. ამასთან, შსს-ს საქმის მასალებში ვიდეოკადრები არ აქვს წარდგენილი.

ქაცარავას ინტერესების დამცველების კითხვის საპასუხოდ 14 ივნისს მომხდარ ფაქტზე სამართალდარღვევის ოქმი 2 ივლისს რატომ შეადგინა, პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი აცხადებს, რომ დატვირთული რეჟიმი ჰქონდა და მანამდე ოქმის შედგენა ვერ მოახერხა.

დღეს სასამართლოში ასევე გამოიკითხა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი, რომელიც დაკავების მომენტში დავით ქაცარავასთან ერთად იმყოფებოდა. გაფრინდაშვილმა უარყო ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თითქოს დავით ქაცარავა ვინმეს მისამართით იგინებოდა, ან/და მონებს უწოდებდა.

თავად დავით ქაცარავა, რომელიც მისი ცემის საქმეზე დაზარალებულადაცაა ცნობილი, ამბობს, რომ მის წინააღმდეგ ადმინისტრაციული წარმოების დაწყება იმ ტერორის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება მშვიდობიან აქტივისტებს უპირისპირებს:

„დღეს ბრალდებულად ვარ სასამართლოში დაბარებული, მიუხედავად იმისა, რომ ამავე საქმეზე სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაზარალებულად მაღიარა. იურიდიული ნონსენსია, თუმცა ამ სასამართლო სისტემისგან გასაკვირი არაფერია. მე ვთვლი, რომ ეს იმ ტერორის გაგრძელებაა, რასაც ხელისუფლება ახორციელებს მშვიდობიანი აქტივისტების მიმართ“, – განაცხადა ქაცარავამ 5 ივლისს გამართული სხდომის დაწყებამდე.

მასალების გადაბეჭდვის წესი