“გირჩი – მეტი თავისუფლება” სავალდებულო სამხედრო სამსახურისგან თავის არიდებისთვის “ბიბლიური თავისუფლების” შესახებ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ არმია დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისგან უნდა შედგებოდეს. პარტია ამ ინიციატივას “ქართული ოცნების” მხრიდან “უკიდურეს ცინიზმად და თავხედობად” აფასებს. ამის შესახებ განცხადება მათ დღეს, 12 დეკემბერს გაავრცელეს.
პარტიის განცხადებით, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოძველებული, არაეფექტური და ძვირი სისტემაა, რომელსაც ქვეყნის თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან საერთო არ აქვს.
“ამ სამსახურის ეფექტურობის გაზრდაზე საუბარი დე-ფაქტო ხელისუფლებისგან, რომელსაც ეშინია ქვეყნის 20%-ის მიმტაცებელს დაუძახოს მტერი, ეშინია რუსეთის წინააღმდეგ დაღუპული საქართველოს მოქალაქეების ოჯახებს მიუსამძიმროს და რომელიც უკრაინაში მებრძოლებს ემუქრება მოქალაქეობის ჩამორთმევით, არის უკიდურესი ცინიზმი და თავხედობა.
ერთადერთი ვისაც მთელი ეს წლები ყელში ეჩხირებოდა კანონმდებლობაში სპეციალურად მისთვის გაწერილი პრივილეგიის სხვა კონფესიის მიერ გამოყენება, არის საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქო, რომელიც წარმოადგენს რუსეთის რეზიდენტურის მთავარ ცენტრს ამ ქვეყანაში და რომლის ინტერესებშიცაა საქართველომ შეინარჩუნოს ეს არქაული და ძვირადღირებული სისტემა, რათა მაქსიმალურად დროში გაიწელოს ეფექტური თავდაცვის სისტემის მშენებლობის დაწყება…
საქართველოს სჭირდება არმია, რომელიც შედგება სამხედრო საქმით დაინტერესებული და მოწადინებული ადამიანებისაგან და არა იმ ხალხისგან, რომლებიც საკუთარი სურვილის საწინააღმდეგოდ მიჰყავთ”, – აცხადებს “გირჩი – მეტი თავისუფლება”.
პარტიის განცხადებით, ისინი ყოველთვის ითხოვდნენ და ახლაც ითხოვენ თავდაცვის ბიუჯეტის გაორმაგებასა და როფესიონალური, მაღალტექნოლოგიური, ძლიერი არმიის შექმნას.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ “გირჩის” რელიგიურ ორგანიზაციაში (“ბიბლიურ თავისუფლება”) გაწევრიანებით ახალგაზრდები სავალდებულო სამხედრო სამსახურს თავს ვეღარ აარიდებენ. მისი თქმით, აღნიშნული საკითხი მთავრობამ საპატრიარქოსთანაც გაიარა და ეს “ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება”.