ახალი ამბები

ჯარში მსახურება მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი – ღარიბაშვილი

12 დეკემბერი, 2022 • 1429
ჯარში მსახურება მხოლოდ თავდაცვის უწყებაში იქნება შესაძლებელი – ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ახალი თავდაცვის კოდექსს თანახმად, რომელიც მთავრობის სხდომაზე თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ წარადგინა, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გავლა 2025 წლიდან მხოლოდ თავდაცვის სამინისტროში და შესაბამისად საქართველოს თავდაცვით ძალებში იქნება შესაძლებელი.

„სავალდებულო სამხედრო სამსახური გადაიხედა. მოხდება რეფორმირება და ყველა მოქალაქე გაივლის სამსახურს მხოლოდ თავდაცვის უწყებაში.

მანამდე იყო გაფანტული და არ იყო ეფექტური, უნდა ვაღიაროთ…

ეს არ იქნება რაღაც თეორიული სწავლება, არამედ ინტენსიური საბრძოლო მომზადება.

ამ პროგრამის მომზადების შემდეგ, პირს ექნება მოხდილი სავალდებულო სამხედრო სამსახური და მიენიჭება რიგითის წოდება. ასევე, მთავარი მიზანი იქნება ძლიერი რეზერვის შექმნა“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მისი განცხადებით, ცვლილებები ამოქმედდება 2025 წლიდან, მანამდე კი რეგიონებში შეიქმნება „თავდაცვის ცენტრები“, სადაც მოქალაქეებს ინფორმაციის მიღების საშუალება ექნებათ.

მისივე განცხადებით, პროგრამაზე 80 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება.

ამჟამად სავალდებულო სამსახურის გავლა თავდაცვის უწყების გარდა შესაძლებელია, შსს-ში, სუს-ში, სასჯელაღსრულების უწყებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი