ახალი ამბები

„მიირთვას, რომ გახდეს ცოტა უკეთ“ — დავითულიანი სააკაშვილზე

12 დეკემბერი, 2022 • 539
„მიირთვას, რომ გახდეს ცოტა უკეთ“ — დავითულიანი სააკაშვილზე

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ბექა დავითულიანის თქმით, მას არ აქვს ინფორმაცია, რა სჭირს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს „ისეთი მძიმე“, რომ სასჯელის გადავადება აუცილებელი იყოს.

„ასეთი ინფორმაცია არათუ მე, მისი ოჯახის წევრებსაც არ გააჩნიათ, ვერცერთ ძირითად დაავადებას ვერ ასახელებენ და მე საიდან უნდა გამაჩნდეს? ადამიანი ზის და არ მოსწონს ციხეში ჯდომა. მესმის… არ უნდა ჩაიდინო ისეთი რამე, რომ მერე ციხეში ჯდომა გაგიჭირდეს. რა ვქნა? მართლმსაჯულებაა, ქვეყანაა… მიხედოს თავის თავს, თავის ჯანმრთელობას და ფსიქიკას. მიირთვას, რომ გახდეს ცოტა უკეთ“, — განაცხადა ბექა დავითულიანმა.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.

9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი