ახალი ამბები

გაეროს შვეიცარიელი ექსპერტის მიერაა გადაღებული – ხაჭაპურიძე სააკაშვილის ფოტოებზე

10 დეკემბერი, 2022 • 2052
გაეროს შვეიცარიელი ექსპერტის მიერაა გადაღებული – ხაჭაპურიძე სააკაშვილის ფოტოებზე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აცხადებს, რომ ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ფოტოები გაეროს შვეიცარელი ექსპერტის მიერაა გადაღებული.

ამის შესახებ მან დღეს, 11 დეკემბერს, ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, „ფორმულას“ მიერ გავრცელებული ფოტოები აგვისტოშია გადაღებული და ამის შემდეგ მისი მდგომარეობა გაუარესებულია.

„გავრცელებული ფოტოები გადაღებულია 2022 წლის აგვისტოში კლინიკა ვივა მედში. ახლა რა ფოტოც ჩანს, იქაც ჩანს მისი სიტუაცია, თუმცა უკვე რამდენიმე დღეში მისი მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, განსაკუთრებით ეს მოხდა 4 ოქტომბრის შემდგომ და ამ ფოტოსურათებიდან დღევანდელ მდგომარეობას თუ შევადარებთ, დაახლოებით, 10-15 კილო აქვს კიდევ დაკლებული[…] ეს გადაღებულია გაეროს შვეიცარიელი ექსპერტის მიერ, მე როგორც მახსოვს“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.

ხაჭაპურიძის თქმით, თუ სააკაშვილს 14 დეკემბერს სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვის საშუალებას მისცემენ, საზოგადოება დინამიკაში დაინახავს როგორი იყო სააკაშვილი აგვისტოში და როგორია დღეის მდგომარეობით.


9 დეკემბერს ტელეკომპანია ფორმულამ მიხეილ სააკაშვილის ფოტოები გაავრცელა კლინიკა ვივამედიდან, რომელიც მათი თქმით, “შაბათის ფორმულამ” მოიპოვა.

ტელეკომპანია თავდაპირველად აცხადებდა, რომ ფოტოები 1 თვის წინ იყო გადაღებილი, თუმცა კადრების გავრცელებიდან რამდენიმე საათში, “ფორმულამ” ინფორმაცია ჩაასწორა და განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული ფოტოების გადაღების ზუსტი თარიღი 29 აგვისტოა.

მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას თქმით, აღნიშნული ფოტოები მისი შვილის დღევანდელ მდგომარეობას არ ასახავს და ამიტომ მისთვის რამდენიმე თვის წინ გადაღებული ფოტოების გავრცელების მიზანი გაუგებარია.

მისი  თქმით, სააკაშვილის ფოტოები „მტრული განზრახვითაა“ გავრცელებული, რათა ეჩვენებინათ, რომ „ვითომ ასეა და არაფერი არ უჭირს“.

აღნიშნული ფოტოების გავრცელება გააკრიტიკეს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმაც, მათ შორის ეკა ხერხეულიძემ, რომელიც იმ ადამიანებს შორისაა, ვისაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აქვს. ხერხეულიძე აცხადებს, რომ ფოტოებზე ასახული არაა ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და ის გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია.


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.

9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო. სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი