ახალი ამბებისაზოგადოება

„ფორმულას“ თქმით, სააკაშვილის აგვისტოში გადაღებული ფოტოები მოიპოვა

9 დეკემბერი, 2022 • 2848
„ფორმულას“ თქმით, სააკაშვილის აგვისტოში გადაღებული ფოტოები მოიპოვა

ტელეკომპანია „ფორმულა“ მიხეილ სააკაშვილისთვის „ვივამედში“ გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს. მედიასაშუალების ცნობით, კადრები „შაბათის ფორმულამ“ მოიპოვა.

განახლება: ტელეკომპანია “ფორმულამ” თავდაპირველად განაცხადა, რომ მათ მიერ მოპოვებული ფოტოები მიხელ სააკაშვილს 1 თვის წინ გადაუღეს. თუმცა, ფოტოების გავრცელებიდან რამდენიმე საათში ტელეკომპანიამ განაცხადა, რომ ფოტოები არა 1 თვის წინ, როგორც ეს “ფორმულას” მიერ თავდაპირველად თქვა, არამედ 29 აგვისტოსაა გადაღებილი. შესაბამისად, შეიცვალა სტატიის სათაურიც.

„ფორმულას“ თქმით, კადრები არ ასახავს მიხეილ სააკაშვილის ამჟამინდელ მდგომარეობას, რამდენადაც ფოტოს გადაღების შემდეგ პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა მათი ინფორმაციით კიდევ 10 კილოგრამი დაიკლო.

გავრცელებულ ფოტოებს „ფეისბუკზე“ გამოეხმაურა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ეკა ხერხეულიძე, რომელიც იმ ადამიანებს შორისაა, ვისაც კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შესაძლებლობა აქვს. ხერხეულიძე აცხადებს, რომ ფოტოებზე ასახული არაა ექსპრეზიდენტის ამჟამინდელი მდგომარეობა და ის გაცილებით ცუდ მდგომარეობაშია:

„ფოტო,რომელიც გავრცელდა,არ ასახავს საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამჟამინდელ მდგომარეობას. მეტი პასუხისმგებლობა მართებთ, როცა ადამიანის ბედი წყდება და საზოგადოების მაღალ ინტერესს ძველი ფოტოების ტირაჟირებით აკმაყოფილებენ. ნეტა,ისეთ მდგომარეობაში იყოს მიშა,როგორსაც ფოტოზე ვხედავთ.

ადამიანი იმის ნახევარია. იმედია,შეცდომაში შეყვანილი მედია დროულად დაადგენს ფოტოს გადაღების თარიღს. განვმეორდები-ნეტა, ასე გამოიყურებოდეს დღეს მიშა“ – ამბობს ეკა ხერხეულიძე.

ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.

9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.  სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი