ახალი ამბებისამართალი

აბდურაჰმანოვი ცოცხალია და პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება — “კავკაზ რეალიი”

9 დეკემბერი, 2022 • 2832
აბდურაჰმანოვი ცოცხალია და პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება — “კავკაზ რეალიი”

ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი ცოცხალია და შვედეთის პოლიციის დაცვის ქვეშ იმყოფება. აღნიშნულის შესახებ გამოცემა “კავკაზ რეალიი” ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის დევნილობაში მყოფი მთავრობის პრესსპიკერზე დაყრდნობით წერს.

ჩეჩენი ბლოგერის შესაძლო მკვლელობაზე ინფორმაცია გასულ კვირას რამდენიმე წყარომ გაავრცელა. მათ შორის იყო ტელეგრამის არხი “1ADAT”, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერი აქტივისტები მართავენ.

“ჩეჩნეთის რესპუბლიკა იჩქერიის მთავრობის ხელთ არსებული ინფორმაციით, ტუმსო აბდურაჰმანოვი ცოცხალია და იმყოფება შვედეთის პოლიციის მფარველობის ქვეშ”, — განუცხადა სპიკერმა “კავკაზ რეალიის”.

როგორც გამოცემა წერს, რესპონდენტმა “ინფორმაციის საკუთარი წყაროები” მოიყვანა და ვერ დააკონკრეტა, რატომ შეიძლება იყოს აბდურაჰმანოვი პოლიციის დაცვის ქვეშ.

“კავკაზ რეალიი” შვედეთის პოლიციასაც დაუკავშირდა ოფიციალური კომენტარისთვის.

“ჩვენს წინა კომენტარს ახლა ვერაფერს დავამატებთ”, — განუცხადეს გამოცემას პოლიციის პრესსამსახურში.

მანამდე, როცა აბდურაჰმანოვის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა, შვედეთის პოლიციაში თქვეს, რომ ვერ დაადასტურებდნენ ხსენებულ ცნობებს და ვერ გააკეთებდნენ რაიმე დამატებით კომენტარს.

წყაროების მიერ ბლოგერის მკვლელობის შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე, შვედეთში მოქმედი ჩეჩნური უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვაიფონდი” წერდა, რომ აბდურაჰმანოვთან კავშირი გაწყდა, რის გამოც წუხდნენ.

ტუმსო აბდურაჰმანოვის შესახებ

ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ საფრთხის გამო ჩეჩნეთი დატოვა 2015 წელს. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბდურაჰმანოვს  თავშესაფარზე უარი უთხრა 2018 წელს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა, აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა.

ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ რუსეთის ფედერაციაში მას ემუქრებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

უკანასკნელ წლებში ბლოგერი შვედეთში ცხოვრობდა.

აბდურაჰმანოვს თავს 2020 წელსაც დაესხნენ, თუმცა მაშინ ბლოგერმა თავდასხმა მოიგერია და გადარჩა.

მანამდე, 2019 წლის მარტში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი მაგომედ დაუდოვი, რომელიც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, აბდურაჰმანოვს „სისხლის აღებით“ — შურისძიებით დაემუქრა. ამას წინ უძღოდა აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამისთვის, ახმად კადიროვისთვის „ჩეჩენი ხალხის გამყიდველის“ წოდება.

დაუდევმა ამაზე პასუხად ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობა დადო, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი