ახალი ამბები

რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

8 მარტი, 2020 • 2268
რუსეთის ორი მოქალაქე დააკავეს ჩეჩენი ბლოგერის მკვლელობის მცდელობის ბრალდებით

შვედეთის პოლიციამ ჩეჩენი ბლოგერის, ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის მცდელობის საქმეზე ორი ადამიანი დააკავა. ეჭვმიტანილები — 29 წლის კაცი და 30 წლის ქალი — რუსეთის მოქალაქეები არიან.

რამზან კადიროვის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ კრიტიკოსს, ჩეჩენ ბლოგერ ტუმსო აბდურაჰმანოვს 26 თებერვალს დაესხნენ თავს. აბდურაჰმანოვმა თავდამსხმელის მოგერიება მოახერხა.

თავდასხმის დეტალები

აბდურაჰმანოვმა პირდაპირ ეთერში გაავრცელა ვიდეო, სადაც სისხლიანი, დაჭრილი კაცი ჩანს; აბდურაჰმანოვი ეკითხება, თუ ვინ მიაგზავნა. ჩანაწერში ისმის დაჭრილი კაცის პასუხიც: ის ამბობს, რომ მოსკოვიდან გამოგზავნეს; ამბობს, რომ უბრალოდ აბდურაჰმანოვის შეშინება უნდოდა და მოკვლას არ უპირებდა. „მათ დედაჩემი ჰყავთ“, – ამბობს თავდამსხმელი ვიდეოში.

ვიდეო მოგვიანებით გამოაქვეყნა ჩეჩენი ლტოლვილების უფლებადამცველმა ორგანიზაცია Vayfond-მაც, სადაც აბდურაჰმანოვიც ძმა მუშაობს. ფონდის ცნობით, უცნობი კაცი აბდურაჰმადოვთან ბინაში შეიჭრა და მისი ჩაქუჩით მკვლელობა სცადა, თუმცა მან თავდამსხმელის მოგერიების შემდეგ პოლიციაში დარეკა. Vayfond-ის ინფორმაციითვე, აბდურაჰმადოვი და თავდამსხმელი კლინიკაში გადაიყვანეს.

თავდაპირველად არ იყო დადასტურებული, ევროპის რომელ ქალაქში იმყოფებოდა აბდურაჰმანოვი და სად დაესხნენ მას თავს, თუმცა ინციდენტის შემდეგ მან თქვა, რომ ის შვედეთის ქალაქ იავლეში იმყოფებოდა.

მედიის უფლებადამცველმა არაერთმა ორგანიზაციამ გამოხატა შეშფოთება აბდურაჰმანოვზე თავდასხმის გამო, მათ შორის „კომიტეტმა ჟურნალისტების დასაცავად“ (CPJ-მ).

ვინ არიან დაკავებულები?

როგორც 6 მარტს შვედეთის პროკურატურაში „როიტერსს“ განუცხადეს, 1 მარტიდან დაკავებული ჰყავთ რუსეთის მოქალაქე, 29 წლის კაცი, რომელიც აბდურაჰმანოვის მკვლელობის მცდელობაშია ეჭვმიტანილი.

ამასთან, 6 მარტს ქალაქ იავლეს სასამართლომ პატიმრობა რუსეთის მოქალაქე 30 წლის ქალს, რომელიც თავდამსხმელის თანამზრახველად სახელდება.

ჯერჯერობით შვედეთის პოლიცია არ ასახელებს დაკავებულების ვინაობას და არ აზუსტებს თავდასხმის მოტივს.

ვინ არის ტუმსო აბდურაჰმანოვი?

ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ, საფრთხის გამო, ჩეჩნეთი 2015 წელს დატოვა. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა.

აბდურაჰმანოვს პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავშესაფარზე უარი 2018 წელს უთხრა. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა. ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ მას რუსეთის ფედერაციაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე ემუქრებოდა.

რა შეიძლება მოტივი ყოფილიყო?

ბოლო პერიოდში ევროპაში სულ მცირე, ორი ჩეჩენი ლტოლვილი მოკლეს — ერთ-ერთი მათგანი საქართველოს მოქალაქე ზელიმხან ხანგოშვილი იყო, მეორე კი — იმრან ალიევი, აგრეთვე ცნობილი, როგორც „მანსურ სტარიი“, საფრანგეთში, ქალაქ ლილში.

27 თებერვალს ჟურნალისტებმა კრემლის სპიკერ დიმიტრი პესკოვს ჰკითხეს, რატომ ესხმიან თავს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის კრიტიკოსებს გამუდმებით თავს, რაზეც უპასუხა: „ჩვენ არ ვართ მიდრეკილნი პარალელების გავლებისკენ“.

აბდურაჰმანოვზე თავდასხმასთან დაკავშირებით მან თქვა: „ჩვენ არ ვფიქრობთ, რომ ეს მნიშვნელოვანი ინციდენტია რუსეთის  დღის წესრიგისთვის“.

2019 წლის მარტში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი მაგომედ დაუდოვი, რომელიც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, აბდურაჰმანოვს „სისხლის აღებით“ — შურისძიებით დაემუქრა. ამას წინ უძღოდა აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამისთვის, ახმად კადიროვისთვის „ჩეჩენი ხალხის გამყიდველის“ წოდება.

დაუდევმა ამაზე პასუხად ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობა დადო, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი