საზოგადოება

შვედეთში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი — მედია, აქტივისტები

5 დეკემბერი, 2022 • 1053
შვედეთში მოკლეს ჩეჩენი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი — მედია, აქტივისტები

მედიისა და აქტივისტების ინფორმაციით, შვედეთში მოკლეს ჩეჩენი ოპოზიციონერი ბლოგერი ტუმსო აბდურაჰმანოვი.

ტელეგრამის არხი 1ADAT, რომელსაც ჩეჩენი ოპოზიციონერები მართავენ, ადასტურებს აბდურაჰმანოვის მოკვლის შესახებ მანამდე გავრცელებულ ცნობებს.

“რაც არ უნდა გაგვიჭირდეს მომხდარის დადასტურება, სამწუხაროდ, მისი გარდაცვალების შესახებ ცნობები სიმართლე აღმოჩნდა”, — აღნიშნავს 1ADAT “ინფორმატორებზე” დაყრდნობით ევროპასა და ჩეჩნეთში.

ტელეგრამის არხი აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღეა, გამოძიებას აწარმოებს ბლოგერის მკვლელობის საქმეზე და ამ ეტაპზე “მისი დაღუპვის დამადასტურებელი საკმარისი ინფორმაცია” აქვს.

ტუმსო აბდურაჰმანოვის მკვლელობის შესახებ წერს “რადიო თავისუფლების” რუსულენოვანი სამსახურიც. გამოცემა აღნიშნავს, რომ ინფორმაციას ადასტურებენ ბლოგერთან ასოცირებული პირები.

“რადიო თავისუფლების” მიხედვით, ბლოგერი მოკლულია პირველიდან ორ დეკემბრამდე პერიოდში.

მკვლელობის შესახებ ინფორმაციის დადასტურებამდე, 3 დეკემბერს, შვედეთში მოქმედი ჩეჩნური უფლებადამცველი ორგანიზაცია “ვაიფონდი” წერდა, რომ აბდურაჰმანოვთან კავშირი გაწყდა, რის გამოც წუხდნენ.

ტუმსო აბდურაჰმანოვის შესახებ

ტუმსო აბდურაჰმანოვი ცნობილი ჩეჩენი ბლოგერია, რომელმაც კადიროვის გარემოცვასთან დაპირისპირების შემდეგ საფრთხის გამო ჩეჩნეთი დატოვა 2015 წელს. მან თავშესაფარი საქართველოსაც სთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი პოლონეთში გაემგზავრა.

პოლონეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აბდურაჰმანოვს  თავშესაფარზე უარი უთხრა 2018 წელს. ამ გადაწყვეტილების შემდეგ Amnesty International-მა პოლონეთს მოუწოდა, აბდურაჰმანოვი რუსეთში არ გაეძევებინა.

ორგანიზაცია მიიჩნევდა, რომ რუსეთის ფედერაციაში მას ემუქრებოდა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საფრთხე.

უკანასკნელ წლებში ბლოგერი შვედეთში ცხოვრობდა.

აბდურაჰმანოვს თავს 2020 წელსაც დაესხნენ, თუმცა მაშინ ბლოგერმა თავდასხმა მოიგერია და გადარჩა.

მანამდე, 2019 წლის მარტში ჩეჩნეთის ვიცეპრემიერი მაგომედ დაუდოვი, რომელიც რამზან კადიროვთან დაახლოებული პირია, აბდურაჰმანოვს „სისხლის აღებით“ — შურისძიებით დაემუქრა. ამას წინ უძღოდა აბდურაჰმანოვის მიერ რამზან კადიროვის მამისთვის, ახმად კადიროვისთვის „ჩეჩენი ხალხის გამყიდველის“ წოდება.

დაუდევმა ამაზე პასუხად ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ აბდურაჰმანოვი მისი და მისი ძმების მტერი იყო და პირობა დადო, რომ „იპოვიდა და გაუსწორდებოდა“.

მასალების გადაბეჭდვის წესი