ახალი ამბები

სააკაშვილის ევროპულ კლინიკაში გადასაყვანად ევროპარლამენტში მობილიზებას ვაპირებთ – გლუკსმანი

9 დეკემბერი, 2022 • 1097
სააკაშვილის ევროპულ კლინიკაში გადასაყვანად ევროპარლამენტში მობილიზებას ვაპირებთ – გლუკსმანი

ფრანგი ევროპარლამენტარი რაფაელ გლუკსმანი აცხადებს, რომ მომდევნო კვირაში ევროპარლამენტში მობილიზებას აპირებენ, რათა მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ ევროპულ კლინიკაში გადაიყვანონ.

ამის შესახებ ევროპარლამენტარი სოციალურ ქსელში წერს. გლუკსმანი, რომელიც სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მისი მრჩეველი იყო, აცხადებს, რომ ადამიანს, რომელმაც ევროპის დახურულ კარზე დააკაკუნა, დღეს გისოსებს მიღმა სიკვდილის საფრთხე ემუქრება.

„ის არის ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის პირადი მძევალი, რომელიც ფარულად მართავს თავის ქვეყანას, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა და არასდროს გაუწყვიტავს რუსეთთან კავშირები. ამერიკელი მეცნიერების აზრით, რომლებმაც გამოიკვლიეს მისი თმა და ფრჩხილები, მიშა მოწამლულია დარიშხანით და ვერცხლისწყლით. დღეს მისი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია და ეს ბეწვი ევროპაზე გადის. ჩვენს ლიდერებს მის გადარჩენის საშუალება აქვთ“, – წერს გლუკსმანი.

ევროპარლამენტარის თქმით, საქართველოს მთავრობა ცდილობს ბრიუსელსა და მოსკოვს შორის დაბალანსებული პოლიტიკა გარეგნულად მაინც შეინარჩუნოს და ევროპის ძლიერ და კოორდინირებულ ზეწოლას წინააღმდეგობას არ გაუწევს.

„პარიზს შეიძლება ჰქონდეს გავლენა, რადგან საქართველოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ფრანგია და ოლიგარქს, რომელიც ქვეყანას აკონტროლებს, ასევე აქვს ფრანგული პასპორტი. მაგრამ [ზეწოლა]არ მოდის, ან ძალიან ცოტაა. ჩვენი ლიდერები ჩუმად და პასიურად არიან[…]

მთელი მომდევნო კვირა ვაპირებთ მობილიზებას სტრასბურგის პარლამენტში მიშას ევროპულ კლინიკაში გადასაყვანად, რათა ჩვენმა სახელმწიფოებმა არ დაუშვან, რომ ხვალინდელ დღეს ჩუმად მოკვდეს პრეზიდენტი, რომელსაც მანამდე არ უსმენდნენ“, – წერს გლუკსმანი.


ცენტრმა „ემპათიამ“ 1 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით დასკვნა გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ ყოფილ პრეზიდენტს აღენიშნება 20-ზე მეტი დიაგნოზი თუ სიმპტომი, რაც შეუთავსებელს ხდის მის პატიმრობას.

სახალხო დამცველის ბაზაზე შექმნილი კონსილიუმის შეფასებით, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა ამჟამად მე-4 ხარისხის კახექსიას შეესაბამება.

9 დეკემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესი, რომელზეც სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან გათავისუფლების საკითხზე უნდა ემსჯელათ, გადაიდო.  სხდომაზე დასწრებას ითხოვდა თავად მიხეილ სააკაშვილი, თუმცა მოსამართლე გიორგი არევაძემ სხდომის დაწყებისას წაიკითხა ექიმების პოზიცია, რომლის თანახმადაც, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, მიხეილ სააკაშვილის ტრანსპორტირება მიზანშეწონილი არ არის.

მასალების გადაბეჭდვის წესი