ახალი ამბები

სამხედრო პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს აპროტესტებენ

27 მაისი, 2010 • 1209
სამხედრო პირების არჩევნებში მონაწილეობის წესს აპროტესტებენ

ინფორმაცია ამის თაობაზე დღეს მედიაცენტრმა სამი ორგანიზაციის სახელით გაავრცელა. ეს ორგანიზაციებია:”საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო”, ასოციაცია “სამართალი და თავისუფლება”, “სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება” და “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”.

მათი განცხადებით, ცენტრალური საარჩევნო კომისია  და მმართველი პარტიის წარმომადგენლები საარჩევნო კოდექსის 10.101–ე მუხლს დღეს სხვაგვარ ინტერპრეტაციას აძლევენ. ”მათი განმარტებით, არჩევნებში მონაწილეობის უფლება უნდა ჰქონდეს ყველა იმ სამხედრო პირს, რომელთაც სპეციალური სიის შედგენამდე ნებისმიერ დროს, თუნდაც ერთი დღით ადრე, გაუფორმდა ერთი ან მეტწლიანი კონტრაქტი” – ნათქვამია განცხადებში.

არასამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, რომ კოდექსის ამ მუხლის ასეთი ინტერპრეტაცია ეწინააღმდეგება არასამთავრობო ორგანიზაციათა რეკომენდაციას და იგივე მდგომარეობას ტოვებს, რაც საკანონმდებლო ცვილებებამდე იყო.

საქართველოს საარჩევნო კოდექსის 10.101–ე მუხლის თანახმად, თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების სამხედრო (გასამხედროებული) ძალებისა და შენაერთების მოსამსახურეები ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობენ, როგორც პროპორციული, ისე მაჟორიტარული წესით, თუ ისინი არჩევნების დღისთვის მუდმივი დისლოკაციის ადგილზე 1 წლით ან მეტი ვადით იმყოფებიან.

ეს ცვლილება საარჩევნო კოდექსში 2009 წლის 28 დეკემბერს არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის საფუძველზე შევიდა. მანამდე ზემოაღნიშნული პირები პროპორციულ და მაჟორიტარულ არჩევნებში ხმას შეუზღუდავად აძლევდნენ – მათ თვითმმართველობების არჩევა მაშინაც კი შეეძლოთ, თუ დისლოკაციის ადგილი არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე შეეცვლებოდათ. არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაციის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ ხმის მიცემის უფლება მხოლოდ იმ პირებს ჰქონოდათ, რომელთაც საარჩევნო დღისთვის შესაბამის ოლქში უკვე ნამსახურები ექნებოდათ ერთი წლით ან მეტი ვადით.

”ამით იქმნებოდა იმის გარანტია, რომ სამხედრო მოსამსახურეების გადაადგილება არჩევნებამდე მცირე ხნით ადრე მხოლოდ კონკრეტულ საარჩევნო ოლქ(ებ)ში არჩევნების შედეგებზე გავლენის მიზნით არ მომხდარიყო”- ნათქვამია მედიაცენტრის 27 მაისს გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი