ახალი ამბები

ბოკერია: მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი რეჟიმის განაჩენია

8 დეკემბერი, 2022 • 536
ბოკერია: მებრძოლებისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე დისკუსიაც კი რეჟიმის განაჩენია

„ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგა ბოკერია აცხადებს, რომ უკრაინაში წასული მებრძოლებისთვის მოქალაქეობის თამორთმევაზე დისკუსიაც კი ივანიშვილის რეჟიმის განაჩენია:

„მე არ ვიცი და არამგონია ვინმემ ზუსტად იცოდეს, ამ ნაბიჯს გადადგამს თუ არა ივანიშვილის რეჟიმი, რომ რეალურად ჩამოართვას მოქალაქეობა ადამიანებს, ვინც მაგალითს აძლევენ ყველას, საკუთარი რწმენის, საქართველოს ინტერესებისა და თავისუფლების დასაცავად სიცოცხლის რისკზე წასვლით.

მაგრამ თავისთავად ისიც კი, რომ ამაზე დისკუსია არსებობს და რომ ამ რეჟიმის ერთ-ერთი სპიკერი, პოლიტიკური არარაობა, ამ თემაზე პროაქტიულად საუბრობს, ეს უკვე განაჩენია იმ მრავალ განაჩენთან ერთად, რომელიც ივანიშვილის რეჟიმმა ჩვენ ქვეყანას გამოუტანა იმ სირცხვილით და ღალატით, რისი მოწმეებიც ვართ, შეიძლება ითქვას უკვე წლებია, მაგრამ განსაკუთრებით ბოლო თვეებია, რაც უკრაინაში აქტიური ფაზა დაიწყო ბოროტების იმპერიის კამპანიისა“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე, ტვ იმედის ეთერში მამუკა მდინარაძის მიერ განცხადებას“ – ამბობს ბოკერია.

გუშინ, 7 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „იმედთან“ თქვა, რომ უკრაინასი მებრძოლ საქართველოს მოქალაქეებს „არავინ უხსნის, რომ ქართული კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხებიან, საქართველოს მოქალაქეობას ავტომატურად კარგავენ“:

„მეორე მხარე ვინც ეპატიჟება და 45 000 გრივნაზე ელაპარაკება, არ უხსნის, რომ ქართული და ბევრი ქვეყნის კანონმდებლობით, თუ სხვა ქვეყნის ჯარში ჩაირიცხები, ავტომატურად კარგავ საქართველოს მოქალაქეობას. ამას არავინ უხსნის და იქნებ ფაქტის წინაშე არ აღმოჩნდნენ ეს ადამიანები და ჩემი დღევანდელი გამოსვლა ამაში წაადგეთ. უნდა იცოდნენ რომ კარგავენ საქართველოს მოქალაქეობას იმ შემთხვევაში, თუ როგორც ის ადამიანი იწერება, ირიცხებიან სხვა ქვეყნის ჯარებში. თუმცა, ეს შეიძლება მართალიც არ იყოს და არ ირიცხებოდნენ“ – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მდინარაძის აღნიშნული რიტორიკა დღეს „ქართული ოცნების“ სხვა წევრებმაც გაიმეორეს. მათ შორისაა „ოცნების“ დეპუტატი რატი იონათამიშვილი:

„აქ ყველაზე მძიმე და მიუღებელი არის ის, რომ: ერთი — ეს ადამიანები ჩვენს ბიჭებს ფულის სანაცვლოდ სთავაზობენ, მიიღონ უკრაინაში საომარ მოქმედებებში მონაწილეობას და მეორე — ატყუებენ, ეუბნებიან, რომ გახდებიან უკრაინის სამხედრო ძალების თანამშრომლები და არ აფრთხილებენ, რომ სხვა ქვეყნის სამხედრო სამსახურში ყოფნა ავტომატურად იწვევს საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობის დაკარგვას“, — განაცხადა რატი იონათამიშვილმ“ – თქვა იონათამიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი