ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

“30 წელი ვეძებდით” – აფხაზეთში დაკარგული მებრძოლი თბილისის სამარხში აღმოაჩინეს

8 დეკემბერი, 2022 • 2671
“30 წელი ვეძებდით” – აფხაზეთში დაკარგული მებრძოლი თბილისის სამარხში აღმოაჩინეს

“30 წელი ვეძებდით მე და ჩემი მშობლები ჩემს ძმას. რადგან მკვდარი ვერსად ვნახეთ, ვფიქრობდით, ტყვედ იყო ჩავარდნილი. აფხაზეთშიც ჩავიდა ბიძაჩემი მის საძებნელად. მალევე, მამაჩემი მის დარდს გადაჰყვა, გარდაიცვალა. ახლა ორმაგად მტკივა გული, რადგან მთელი ეს წლები თბილისში ყოფილა დამარხული”.

ხვიჩა დეკანოსიძე 1972 წელს, წყალტუბოში დაიბადა. აფხაზეთის ომში ჯარის დასრულებიდან მალევე, 19 წლის ასაკში გაიწვიეს, სადაც შინაგანი ჯარების საპატრულო პოლკში მსახურობდა. 1993 წლის ივლისის შემდეგ ოჯახს მასზე აღარაფერი სმენია.

2022 წლის 7-8 დეკემბერს თბილისში სამების საკათედრო ტაძარში 1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და მშვიდობიანი კიდევ 11 მოქალაქის სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართა. მათ შორის ერთ-ერთი ხვიჩა დეკანოსიძეა.

“როდესაც ჩემი ძმა ომში წავიდა, მე სკოლას ვამთავრებდი, ორი წლით უმცროსი ვარ მასზე. მახსოვს, ასაკის მიუხედავად, თავად კარგად ჰქონდა გააზრებული, რას აკეთებდა. ერთხელ სახლშიც დაბრუნდა ბებიის გარდაცვალების დროს. მამა ეხვეწებოდა, აღარ წასულიყო, თუმცა, მტკიცედ ჰქონდა გადაწყვეტილი ომში დაბრუნება. 1993 წლის ივლისის შემდეგ მასზე დღემდე აღარაფერი ვიცოდით”, – ამბობს მაკა დეკანოსიძე, ხვიჩა დეკანოსიძის და.

მაკა დეკანოსიძე ძმის ნეშტთან; ფოტო: საქრთველოს მთავრობა

მაკა დეკანოსიძე ძმის ნეშტთან; ფოტო: საქრთველოს მთავრობა

ხვიჩა დეკანოსიძე 1993 წლის 2 ივლისს,  კინდღში ბრძოლის დროს დაიღუპა. იმავე წელს, ივლისის ბოლოს, 16 ცხედარი აფხაზეთიდან თბილისში გადმოასვენეს, თუმცა, მაშინ ცხედრების ნაწილი ვერ ამოიცნეს და თბილისის ზღვაზე დამარხეს.

თუმცა, ოჯახმა მის ნეშტის ადგილსამყოფელის შესახებ მხოლოდ ორი კვირის წინ შეიტყო, როდესაც წითელი ჯვრის საერთაშორისო ორგანიზაციის დახმარებით გაკეთებული დნმ-ის კვლევის შედეგები მიიღო.

“ჩვენთვის დღეს ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მთელი ეს წლები აქ იყო ჩემი ძმა დასაფლავებული. მაშინ არც დნმ-ის კვლევა ტარდებოდა. მხოლოდ ექვსი თვის წინ ჩავაბარეთ ეს ანალიზი”.

ხვიჩა დეკანოსიძის დედა 76 წლისაა. თბილისში შვილის სამოქალაქო პანაშვიდზე წყალტუბოდან ჩამოსვლა ვერ შეძლო.

“დედას, სადღაც იმედი მაინც ჰქონდა, რომ ცოცხალი იქნებოდა მისი შვილი. აქედან ჩემს ძმას წყალტუბოში გადავასვენებთ და მამაჩემი საფლავის გვერდით დავკრძალავთ. მამა მთელი დარჩენილი ცხოვრება დანაშაულის გრძნობით ცხოვრობდა იმის გამო, რომ სწორედ მას უნდოდა, მის შვილს ჯარში ემსახურა. მთელი ეს ტრავმები, რომელიც 30 წელი გვქონდა, ახლა განგვიახლდა”.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდაა დაკარული.

1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტების გადმოსვენების პროცესი პერიოდულად, ცხედრების იდენტიფიცირების პროცესის შემდეგ მიმდინარეობს.

სამოქალაქო პანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში

სამოქალაქო პანაშვილი სამების საკათედრო ტაძარში

მასალების გადაბეჭდვის წესი