საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთიდან უგზო-უკვლოდ დაკარგული კიდევ 11 პირის ნეშტია გამოსვენებული.
1990-იანი წლების შეიარაღებული მოქმედებების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული სამხედრო და მშვიდობიანი მოქალაქეების ნეშტების გადმოსვენების პროცესი პერიოდულად, ცხედრების იდენტიფიცირების პროცესის შემდეგ მიმდინარეობს.
ამჟამად გამოსვენებულ ცხედრებს შორის 8 სამხედრო და 3 მშვიდობიანი მოქალაქეა.
საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურების ცნობით, სამოქალაქო პანაშვიდები გაიმართება სამების საკათედრო ტაძარში 7 დეკემბერს, 17:00 საათიდან და 8 დეკემბერს 11:00-დან 14:00 საათამდე. იდენტიფიცირებულთაგან 3 ნეშტს, 8 დეკემბერს, 15:00 საათზე, დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ.
წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის მონაცემებით, 90-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს ომების შედეგად 2300-ზე მეტი ადამიანი დღემდე უგზო-უკვლოდაა დაკარული.
“მათ უკან დგანან ოჯახები, რომელთა უმრავლესობაც უკვე 30 წელია ცხოვრობს გაურკვევლობაში ოჯახის წევრის ხვედრის არცოდნის გამო. მათი განცდები და საჭიროებები ხშირად უხილავია და ისინი განსაკუთრებულ თანადგომას საჭიროებენ”, – აცხადებენ “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტში.
ფონდი “მოლოდინი” ჩამოყალიბდა საქართველოში შეიარაღებული კონფლიქტების დროს უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიებისა და მათი ოჯახების წევრთა უფლებების დაცვის მიზნით. მასში გაწევრიანებული არიან იმ მეომართა ოჯახის წევრები, ვინც დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა, ან ვისი ნეშტიც აფხაზეთიდან უკვე გადმოსვენებულია საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.