პროკურატურის განცხადებით, შეუწყნარებლობის მოტივით ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამებაში, ჯგუფური მოქმედების ორგანიზებასა და მასში მონაწილეობის ფაქტებზე ერთ-ერთი ბრალდებული არასრულწლოვანი თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო. მას 9 წლითა და 8 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა.
უწყების ცნობითვე, მას სასჯელის სახედ 14 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის დათქმებიდან გამომდინარე კი სასჯელი ერთი მესამედით შეუმცირდა.
„სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ „ფაშისტური-ნაცისტური“ იდეოლოგიის მქონე ბრალდებული, დაჯგუფებისთვის მიუღებელი ცხოვრების წესის მქონე პირების, მათ შორის არასრულწლოვნების მიმართ, ძალადობას და წამებას უწევდა ორგანიზებას და ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად ძალადობდა დაზარალებულებზე“, – წერია პროკურატურის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, სასამართლომ ბრალდებული სრულად ცნო დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე პრიმა მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება, ორი ეპიზოდი), 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის ,,ზ“ და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ორგანიზებული ჯგუფის მიერ წამება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ) და 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება და მასში მონაწილეობა, რასაც თან ახლავს ძალადობა) წარდგენილ ბრალდებებში.
