ახალი ამბები

გამოწვევაა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და გადატვირთულობა – აზნაურაშვილი

8 დეკემბერი, 2022 •
გამოწვევაა ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობა და გადატვირთულობა – აზნაურაშვილი

დღეს, 8 დეკემბერს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამრთლე წევრობის კანდიდატებთან გასაუბრებები დაიწყო.

პირველი კანდიდატი, ვისაც კომიტეტზე მოუსმინეს, ზურაბ აზნაურაშვილი იყო, რომელიც  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობას იკავებს 2020 წლიდან.

მან კომიტეტზე მოსმენისას სასამართლოს გამოწვევებეად ინდივიდუალური  მოსამართლის დამოუკიდებლობა და სასამართლოს გადატვირთულობა დაასახელა.

„მიმდინარე გამოწვევები, რომელსაც ვთვლი, რომ სასამართლო სისტემაშია, შეეხება ინდივიდუალური  მოსამართლის დამოუკიდებლობის და სასამართლოს ხელმისაწვდომობის საკითხს, რაც ჩემი აზრით გადატვირთულობის პრობლემიდან გამომდინარეობს და სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიებიდან. ეს ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა და ვთვლი, რომ მოსამართლის პოზიცია უნდა იყოს მიმზიდველი და სისტემამ უნდა მიიზიდოს პროფესიონალი კადრები, რათა შეივსოს ვაკანსიები და გადაიჭრას ხელმისაწვდომობის პრობლემა“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

მისი თქმით, მოსამართლე არ უნდა მოექცეს როგორც პოლიტიკური, ასევე სოციალური ზეგავლენის ქვეშ.

„აქ შეიძლება იგულისხმებოდეს შიდასასამართლოებრივი ზეგავლენა და ამისგანაც უნდა იყო მოსამართლე დაზღვეული, როცა ინდივიდუალურ დამოუკიდებლობაზე ვსაუბრობთ, შეიძლება იყოს საბჭოს და სასამართლოს თავმჯდომარის მხრიდან [ზეწოლა], ასევე საზოგადოების მოსაზრებისგან უნდა იყოს მოსამართლე დამოუკიდებელი და საქმეზე წინასწარი შეფასებები და გავრცელებული ინფორმაცია შეიძლება ამ კუთხით დამაზიანებელი იყოს“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.

ამასთან, ზურაბ აზნაურაშვილის განცხადებით, ის, რომ პარლამენტი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრთა ვაკანსიას არ აცხადებდა, დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით გარკვეულწილად შემაფერხებელი იყო.

“ვერ გეტყვით, რატომ არ აცხადებდა პარლამენტი იუსტიციის საბჭოში ხუთი არამოსამრთლე წევრის ვაკანსიას. შეიძლება ეს იქიდან გამომდინარე იყო, რომ ამისთვის საჭიროა კონსენსუსი და დღევანდელი მდგომარეობითაც რთული მისაღები გადაწყვეტილებაა ალბათ, კანდიდატებზე შეჯერება და შეთანხმება. მე ვთვლი, რომ დისციპლინური სამართალწარმოების კუთხით ეს გარკვეულწილად იყო შემაფერხებელი“, – განაცხადა ზურაბ აზნაურაშვილმა.


იუსტიციის უმაღლესი საბჭოში 5 წევრის ასარჩევად პარლამენტისთვის 32 კანდიდატია წარდგენილი. კონკურსში მონაწილეობას იღებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისგან შემდგარი კოალიციის “დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” მიერ მხარდაჭერილი კანდიდატები: ლიკა საჯაია – ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი, ანა აბაშიძე – პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის ხელმძღვანელი, დიმიტრი ხაჩიძე – ადვოკატი; საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი, სულხან სალაძე -ღია სივრცე-კავკასია (COS), კარგი მმართველობის და ინფორმაციის თავისუფლების პროგრამის ხელმძღვანელი, და გიორგი ბურჯანაძე – საქართველოს სახალხო დამცველის მოადგილე, რომელთაც მხარდაჭერას არასამთვარობო ორგანიზაციები უცხადებენ.

იუსტიციის საბჭოში 5 ადგილის დასაკავებლად 32 კანდიდატი წარადგინეს

მასალების გადაბეჭდვის წესი