ახალი ამბები

რუსები ცდილობენ, ყირიმში ბინები თუნდაც 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდონ — მედია

7 დეკემბერი, 2022 • 6433
რუსები ცდილობენ, ყირიმში ბინები თუნდაც 50%-იანი ფასდაკლებით გაყიდონ — მედია

რუსები მზად არიან, გაყიდონ ყირიმში ბინები 50%-იანი ფასდაკლებით, თუმცა მათზე მოთხოვნა ნულის ტოლია, — წერს „უკრაინსკა პრავდას“ ეკონომიკური პორტალი.

რუსული უძრავი ქონების პორტალების თანახმად, ყირიმსა და სევასტოპოლში საცხოვრებლის გაყიდვის სასწრაფო განცხადებების რაოდენობამ რეკორდულ დონეს მიაღწია.

სტატიაში მოყვანილია რუსული უძრავი ქონების მონაცემთა ბაზა „ციანის“ ცნობები, რომლის მიხედვითაც, 2022 წლის დეკემბრის დასაწყისში ყირიმში გასაყიდად 7 000 მეტი სახლი, კოტეჯი იყო გამოტანილი. კიდევ თითქმის 15 000 განცხადება ბინების გაყიდვას ეხება. კიდევ უფრო მეტი საცხოვრებელი სახლია გასაყიდად გამოტანილი პორტალ „ავიტოზე“.

რუსული მონაცემთა ბაზა „აპარტამენტების სამყარო“ შეიცავს 20 300 რეკლამას — ბინის, 41 000-ს კი ნახევარკუნძულზე სახლის გაყიდვის შესახებ. შეთავაზებებს შორის არის ერთოთახიანი ბინები ყირიმში 3-4 მილიონ რუბლში, რომლებიც ადრე 5-6 მილიონ რუბლად იყიდებოდა, თუმცა, რეალტორების თქმით, დეკლარირებულ ფასებს არ უნდა ვუყუროთ, რადგან რეალური ტრანზაქციის ფასები კიდევ უფრო დაბალია.

ადგილობრივი რეალტორები აცხადებენ, რომ 2022 წლის მარტიდან ყირიმში უძრავი ქონების ბაზარზე გარიგებების რაოდენობა 2,5-ჯერ შემცირდა 2021 წლის მარტთან შედარებით. ახალ შენობებში გაყიდვები 2021 წელთან შედარებით 70%-ით არის შემცირებული.

გამოცემის ცნობით, ყირიმის დეოკუპაციის მოლოდინში „დროებით ადგილობრივ“ რუსებს სურთ უძრავი ქონების სწრაფად მოშორება, გააცნობიერეს რა, რომ დეოკუპაციის შემდეგ, შეიძლება ისინი უფასოდ დაკარგონ.

ყირიმში უძრავი ქონების გაყიდვაზე განცხადებების მასობრივი ტალღა ზაფხულის ბოლოს დაიწყო და სექტემბერში გაძლიერდა. სავარაუდოდ, ეს უკავშირდებოდა აგვისტოს აფეთქებებს ნახევარკუნძულზე მდებარე საჰაერო ბაზასა და საბრძოლო მასალის საცავში. მეორე ტალღა კი ყირიმის ხიდზე მომხარ აფეთქებას მოჰყვა.

ბინების შეთავაზებების მოცულობის ზრდა შეინიშნება არა მხოლოდ დროებით ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიებზე, არამედ მთელ რუსეთში.

„ციანის“ ანალიტიკოსების ცნობით, ბაზარზე უძრავი ქონების სასწრაფო გაყიდვის შესახებ განცხადებების რაოდენობა 85%-ით გაიზარდა თავად რუსეთშიც.

ყირიმში საცხოვრებელ ბინებზე ფასების ვარდნის შესახებ რუსული მედიაც წერს.

„ბინის მფლობელს შეგიძლიათ ღირებულების მესამედიდან ნახევარი დააკლებინოთ“, — განაცხადა ყირიმის რეალტორთა გილდიის თავმჯდომარემ დიმიტრი ჟიდელევმა რადიო Sputnik-ის ეთერში, რაც „რია ნოვოსტიმაც“ გააშუქა.

„თუ მხოლოდ სტატისტიკას გადავხედავთ, ჩვენ ვხედავთ ფასების მინიმალურ კორექტირებას 0.5%-ის ფარგლებში, მაგრამ თუ გადავხედავთ ტრანზაქციების ფასს, რომელიც ახლა კეთდება, ვარდნა გაცილებით შესამჩნევი ხდება“, — განაცხადა ჟიდელევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი